თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ კონკრეტულად მიმართა და მომხდარში დაადანაშაულა.
„ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, – მიმართა მდინარაძემ მელიას.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მომხდარი არის „გაგრძელება იმ დესტრუქციისა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს“. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „იმ საშინელებაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში“.
„ხმას დაუწიეთ, ნუ კივიხართ! არ მოგწონთ ხომ ეს ამბავი, რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია; როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყნაში. ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ“, — განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის სხდომაზე ნიკა მელისა და შოთა ხაბარელს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ მიკროფონები მოგლიჯეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
სხდომის განახლების შემდეგ ნიკა მელიას მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაიძაბა ვითარება, რის შემდეგაც ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.