თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე არეულობის დროს დაკავებული სომხეთის მოქალაქე გათავისუფლებულია, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით.
„სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის საელჩოს სარჩელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის დაკავების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 წლის მინას მინასიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
თბილისში არეულობების დროს 21 ივნისს სომხეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სწავლობს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს და 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.