თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. სააპელაციო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულთაგან 41 პირს სასჯელი შეუმცირა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი კი უდანაშაულოდ ცნო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
დაკავებულებს 12-13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სააპელაციო სასამართლომ მათ პატიმრობის ვადა ოთხ დღემდე შეუმცირა და დარბაზიდან გაათავისუფლა, ორ მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდა, დანარჩენები კი სამართალდამრღვევად მაინც ცნო.
საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.
ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.