თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთის ხელისუფლება ზეწოლისთვის უკანონო სანქციებს არ იყენებს, საქართველოს შემთხვევაში – ეს იძულებითი დროებითი შეზღუდვებია, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა, გამოიყენება თუ არა საქართველოსთან მიმართებით რამე სხვა პრინციპი, რომელიც მანამდე კრემლის მიერ არაერთხელ განცხადებულისგან განსხვავდება, რომ „მოსკოვი არ არის სანქციების პოლიტიკის მომხრე და ის ამას სხვისი სანქციების საპასუხოდ აწესებს“.
„არა, ეს სხვა არაა. პირველ რიგში, ალბათ ყურადღება მიაქციეთ, რომ ვსაუბრობ რესტრიქციებზე, შეზღუდვებზე. და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იძულებითი შეზღუდვაა“, – უპასუხა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს, სხვა ქვეყნებს დაემსგავსოს და სხვებს თავისი პოზიცია მოახვიოს, „გამოიყენოს უკანონო სანქციები“. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა სანქციებზე, არამედ ფრენების შეზღუდვაზე.
„ეს მართლაც იძულებითი ნაბიჯია... პრეზიდენტმა, როგორც რუსეთის ყველა მოქალაქის პრეზიდენტმა, უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რუსეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საფრთხის არსებობა არის კიდეც ამ დროებითი შეზღუდვების საფუძველი“, – დააზუსტა პესკოვმა.
მან დასძინა, რომ საქართველოს წელიწადში მილიონზე მეტი რუსი სტუმრობს. დროებითი შეზღუდვები დაწესდა ფრენებზე, ეს არსებითად შეამცირებს მათ რაოდენობას, აღნიშნა პრეს–მდივანმა.
„როგორც ხედავთ, არ არის და ვერც იქნება რომელიმე ქვეყანაში გამგზავრების აკრძალვა. არის ჩვენი მოქალაქეების გაფრთხილება იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
მან კომენტარი გააკეთა ასევე „როსპოტრებნადზორის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მან საქართველოდან შეტანილ ალკოჰოლურ სასმელებზე, უხარისხობის გამო, კონტროლი გაამკაცრა.
„ამას უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. აქ არ არის არანაირი პოლიტიკური კონფლიქტი. აქ პრევენციული ზომებია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. „როსპოტრებნადზორი“ თავის ფუნქციებს ასრულებს – მუდმივად ამოწმებს ჩვენს ქვეყანაში მოწოდებულ პროდუქციას. ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებითაც“, – აღნიშნა პესკოვმა.
„როსპოტრებნადზორი“: საქართველოსთან დაკავშირებით კითხვებით 700–მა ადამიანმა მოგვმართა>>
ხუთშაბათს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. ის თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი საერთაშორისო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება „სამშობლოს ღალატში“ დაადანაშაულა. ოპოზიციის მიტინგი არეულობებში გადაიზარდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.
აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე>>
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.