თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. სომხური გადამზიდი კომპანია „ავაზარ ბუსის“ ავტობუსმა, რომელსაც მოსკოვიდან ერევანში 48 მგზავრი გადაჰყავდა, რუსეთ-საქართველოს საზღვარი ვერ გადაკვეთა და „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ჩარჩა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ კომპანიის თანამშრომელზე დაყრდნობით.
ორშაბათს ავტობუსმა, რომელიც მოსკოვიდან 22 ივნისს გამოვიდა, რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა ის არ გაატარეს, ვინაიდან სალონში აკრძალული საქონელი აღმოაჩინეს.
„ავტობუსი საზღვარზე გაჩერდა გიროსკუტერის გამო, რომელშიც რაღაც აღმოაჩინეს. ნივთი არცერთ მგზავრს არ ეკუთვნის, არც მძღოლს. ვიღაცამ მოსკოვიდან გიროსკუტერის ერევანში წაღება ითხოვა“, - აღნიშნა კომპანიის თანამშრომელმა.
ამ მომენტისთვის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები არკვევენ, როგორ მოხვდა გიროსკუტერი ავტობუსში.
მგზავრებისა და ავტობუსის მძღოლის გადასაყვანად გაგზავნილია სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.
თავის მხრივ, სომხეთის საელჩო საქართველოში იუწყება, რომ დიპლომატები (როგორც ქართველები, ისე სომხები) გაემართნენ „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტისკენ ვითარების ადგილზე გასაცნობად და მგზავრების საკვებითა და პირველი საჭიროების ნივთებით უზრუნველსაყოფად.