„საქსტატი“: საქართველოს ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი აღმოჩნდა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBრუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები - საქართველოს ეკონომიკის ზრდის მთავარი მიზეზებია

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოს მშპ-ს ზრდამ 2019 წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4,9% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის აპრილში „საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.

მიმდინარე ფასებით 2019 წლის იანვარ-მარტში მშპ-მ დაახლოებით 3,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 2,4% შეადგინა.

2018 წელს მშპ-ს ზრდამ საქართველოში 2017 წელთან შედარებით 4,7% შეადგინა.

რას აძლევს მოსახლეობას ეკონომიკის ზრდა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზრდა სასიხარულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

„სტატისტიკა ცბიერი რამ არის. ეკონომიკის ზრდას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკა სწორად არის აწყობილი. ანუ, სწორად არის სტრუქტურირებული. და როდესაც ეკონომიკური ზრდა როგორღაც მოქმედებს კონკრეტული ადამიანების, გადასახადების გადამხდელების კეთილდღეობაზე. თუ ეს არ არის, ქაღალდზე როგორი ზრდაც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რას იძლევა ეს საბოლოო ჯამში? არაფერს“, - განუცხადა ხუხაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელისუფლებლო ორგანოების რეფორმის პროგრამის შემდგომი განხორციელება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში >>

„კარგად გათვლილი პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სსფ-ს პროგრამის ფარგლებში ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას და მეტად ძლიერ და ინკლუზიურ ზრდას“, - ნათქვამია სსფ-ის პრეს-რელიზში.

რომელი სფეროები ლიდერობს

2019 წლის იანვარ-მარტში ყველაზე შესამჩნევი ზრდა შემდეგმა სფეროებმა აჩვენა: განათლება, სასტუმროები, რესტორნები და ტრანსპორტი.

2019 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ-ხუთეული ზრდის მიხედვით

ეკონომიკის სფერო ზრდა, %
განათლება 15,7
სასტუმროები და რესტორნები 13,1
ტრანსპორტი 12,8
კავშირგაბმულობა 12,3
ჯანდაცვა და სოცდახმარება 11,4

 

ვარდნა დაფიქსირდა მშენებლობის (-9,6%), სამთო-მომპოვებელი (-3,8%) და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის (-0,3%) სფეროებში.

მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი გააჩნია ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებს.

2019 წლის I კვარტალში მშპ-ს სტრუქტურაში ლიდერი სფეროები ხვედრითი წილის მიხედვით

ეკონიმიკის სფერო ხვედრითი წილი, %
ვაჭრობა 16,8
მრეწველობა 16,6
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 10,9
სახელმწიფო მმართველობა 8,1
მშენებლობა 8,0

 

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმით მიღებული შემოსავლების და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
სსფ-მა საქართველოს რიგით მეხუთე ტრანში გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, როგორც ფონდში აღნიშნეს, მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები გადაწონის შედარებით დაბალ საგარეო მოთხოვნას და დაკრედიტების შედარებით ნელ ზრდას.

მსოფლიო ბანკმა, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წელს გააუარესა 5%-დან 4,6%-მდე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და 4,6%-ს შეადგენს, ხოლო 5%-მდე აღდგება 2021 წლისთვის.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს >>

ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0