თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეები მკაფიო და გასაგები ფორმით ადგილზე არ გაუფრთხილებიათ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების - ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის - მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო: ეს იყო ხელისუფლების შეცდომა >>
თბილისში 21 ივნისის ღამეს რუსი დეპუტატის საპასუხოდ აგორებული საპროტესტო ტალღა ხუთშაბათს გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შევარდნა სცადეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.
სიტუაცია მხოლოდ პარასკევს დილით განიმუხტა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
„აქციის მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია. ამასთან, მედიით გავრცელებული არაერთი ინციდენტის ამსახველი კადრი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე“, - ნათქვამია ხუთშაბათს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით გაკეთებულ განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ მიტინგის დაწყებისთანავე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა ხელისუფლებას, გადაედგა დროული პოლიტიკური ნაბიჯები. მაშინ მომიტინგეები მოითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აქციის დაშლის შემდეგ, პარასკევს, დღის მეორე ნახევარში.
„ასევე, სახალხო დამცველმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები ხოლო პოლიციას, არ გამოეყენებინა არაპროპორციული ძალა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა პოლიციის სამმართველოებსა და დროებით მოთავსების იზოლატორებში ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგად დადგინდა 121 ადამიანის ადგილსამყოფელი. 63 ადამიანთან შეხვედრა უკვე შედგა.
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თბილისის ექვს საავადმყოფოში, შეხვდნენ ექიმებს, ადმინისტრაციას და დაშავებულებს.
შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები >>
„სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ კლინიკებში სულ რეგისტრირებული იყო აქციისას დაშავებული 217 პაციენტი. აქედან 80 დაშავებული პოლიციელი იყო. სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტისას კლინიკებში რჩებოდა 54 დაშავებული პირი (მათ შორის, 8 პოლიციელი)“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაშავებულებს დაზიანებები ძირითადად თავისა და ხელების არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე ადამიანი დღემდე რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა მძიმეა.
პარასკევს დილიდან სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 15:00 საათის მონაცემებით, იქ რეგისტრირებულია 310 ადამიანი, რომელიც აქციის დროს დააკავეს.
„უმრავლესობასთან მოხერხდა გასაუბრება და ასევე დავესწარით მათ სასამართლო პროცესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის ყურადღება მიიქცია იმან, რომ საქმეთა განხილვა მიმდინარეობდა დაჩქარებულად და დაკავებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობდნენ.
შსს: პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები >>
აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, მთავრობას და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით - დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, დაიწყოს ეფექტური გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე.
ომბუდსმენმა მოუწოდა მთავრობას, აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები აანაზღაუროს, ხოლო სასამართლოს - სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ყველა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დეტალურ შესწავლას.