გახარია: „რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი"

გამოწერა
შსს მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტთან, სადაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.

„რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი“,  – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
ვითარება პარლამენტის შენობასთან: მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

„თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა დგას ამ მოედანზე და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვას ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

© Sputnik / Alex Shlamovმიტინგი პარლამენტის წინ
გახარია: „რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი - Sputnik საქართველო
მიტინგი პარლამენტის წინ

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. 

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა გავრილოვმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში პარლამენტში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

მედია: ირაკლი კობახიძე თანამდებობას დატოვებს >>

„სამწუხაროდ, რადიკალების ჯგუფის მოქმედებების გამო, რომლებიც ცრუ ამბებს ავრცელებენ, პარლამენტში ღონისძიება ჩაიშალა. მაგრამ ჩვენ მოვძებნით ადგილს, რომ ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი სხდომა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის საბაბი გახდა ცრუ ინფორმაცია, „ფეიკ-ნიუსი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია“, - განაცხადა მან.

 

ყველა ახალი ამბავი
0