თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტ-სივრცეში განხორციელებული მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.
18-23 ივნისის პერიოდში ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ „ლგბტ-პრაიდის კვირეული“ სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული მაღალი ჰომოფობიური განწყობებიდან გამომდინარე მოუწოდა სამართალდამცველებს, აქციის ორგანიზატორთათვის მიეცათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზების საშუალება და დაეცვათ მათი უსაფრთხოება.
„თუ დაგვარბევენ, გაიარონ“ - სასულიერო პირები ლგბტ კვირეულის ჩატარებას ხელს შეუშლიან >>>
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად.
„ლგბტ-პრაიდის კვირეული“ დედაქალაქში 18-23 ივნისს არის დანიშნული. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. აქციას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც პარასკევს ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. ამის პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი აქციის მონაწილეებს შორის, შედეგად პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა.
აქციას ასევე ეწინააღმდეგება ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, 16 ივნისს ვერის ბაღში „ნამდვილი კაცების“ აქციაზე მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ვასაძე ლგბტ პირებს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ პოლიციას „ეყოფა ჭკუა“ და კორდონს ჩადგამს, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. ბიზნესმენი ლგბტ პირებს „ხელების ქამრით შეკვრითა და ყურის აწევით“ ემუქრება.
ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით, დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო.