თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა - ესაა არასრული ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საზიანო იყოს, განაცხადა პრესკონფერენციაზე გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინი შეამოწმა: გამოვლინდა თუ არა დარღვევა >>
ახალაიას სიტყვებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეებს ფერმერების კეთილსინდისიერების იმედად ყოფნა უწევთ.
„არასწორად მოყვანილი კვების პროდუქტი სარისკოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ძირითადი დამაბინძურებლებია სარწყავი წყალი და პესტიციდები. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. დაბინძურებული საკვების მიღება არაერთი დაავადების მაპროვოცირებელია, მათ შორისაა სიმსივნური უჯრედების გაჩენა“, - განაცხადა ახალაიამ.
სახიფათოა ყველა პროდუქტი, რომელიც არასასათბურე პირობებშია დარგული, აღნიშნავს ექსპერტი. მთავარი შეცდომა, რომელსაც ფერმერები უშვებენ - არის შხამქიმიკატების არასწორი და ზედმეტი გამოყენება, ხაზი გაუსვა მან.
„მაგალითად, კიტრის, პომიდვრისა და ბადრიჯნის შემთხვევაში, პროდუქტს ამწიფებენ 60 დღეზე ნაკლებ დროში. ხშირად ფერმერები იყენებენ ჰერბიციდს (ქიმიური ნივთიერება, რომელიც მცენარეების გასანადგურებლად გამოიყენება, - რედ.), რომელიც პროდუქტში გადადის. თუ პროდუქტს 60 დღეზე ადრე აიღებენ, ის მოხმარებისთვის სარისკოა“, - ხაზი გაუსვა ახალაიამ.
მისი თქმით, მსხვილ სუპერმარკეტებში პროდუქცია მოწმდება და იქ სახიფათო პროდუქტის შეძენის ალბათობა ნაკლებია, თუმცა ღია ბაზრებზე შესაბამისი კონტროლი არ არსებობს და ამა თუ იმ პროდუქტის ხარისხის დადგენა რთულია.
ჰერბიციდების გარდა, ფერმერები იყენებენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სასუნთქ გზებზე და აქვეითებენ იმუნიტეტს.
„პესტიციდი შექმნეს იმისთვის, რომ მოკლას ყველაფერი მავნე. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს“, - ხაზი გაუსვა ახალაიამ.
მისი სიტყვებით, პრობლემები გვხვდება ისეთი პროდუქტების შემთხვევაშიც, როგორებიცაა საზამთრო და ნესვი. ექსპერტი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს პროდუქცია, რომელიც ასფალტზე დევს, ვინაიდან მასში დიდი ოდენობით ნიტრატები და ნიტრიტებია. შედეგად, პროდუქციაში მიკრობიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და ის ფუჭდება.
„წელს კვლევა არ ჩატარებულა არც საზამთროზე, არც ნესვზე, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პროდუქციის შენახვა არ შეიძლება, ვინაიდან დიდი ოდენობით ნიტრატებია გამოყენებული“, - აღნიშნა ახალაიამ.
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ბოსტნეულსა და ხილში პესტიციდების დონე ნორმას არ აღემატება.
სააგენტოს სპეციალისტები განაგრძობენ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას. სარეალიზაციო ობიექტებიდან მათ აიღეს იმ ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც ყველაზე კარგად იყიდება, და აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმეს.
კერძოდ, შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ალუბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი და სხვ. ნორმასთან შეუსაბამობა 21-დან არცერთ ნიმუშში არ გამოვლინდა.