თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ახლადშემოსული ხილ-ბოსტნეულის პესტიციდებზე შემოწმება დაიწყეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და მარწყვი. ნორმიდან გადახვევა არც ერთ ნიმუშში არ დაფიქსირებულა.
სააგენტოს ინსპექტორ მარიამ ზაზაშვილის თქმით, ადგილობრივი და შემოტანილი პროდუქციის ნიმუშები სხვადასხვა ობიექტებიდან აიღეს, მათ შორის, თბილისისა და რეგიონების აგრარული ბაზრებიდან.
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პერიოდულად ატარებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ეკოტოქსიკოლოგები მშობლებს ურჩევდნენ, არ მიეცათ ბავშვებისთვის ახალი კარტოფილი. მათი თქმით, კარტოფილის მოყვანის ვადები საქართველოში ხშირად ირღვევა და ამიტომ არ არის გამორიცხული, ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდეს.