თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მაისში, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 225,5 ათასით მეტია, იუწყება პირველი არხი.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 37%-ით გაიზარდა უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.
ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა პრომეთეს მღვიმეში, თბილისის ეროვნულ პარკში, ყაზბეგის ეროვნული პარკში, მარტვილის კანიონზე, ოკაცეს კანიონზე.
2019 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათი ღირებულება 6,6 მილიონ ლარს აღემატება. მათგან უკვე დასრულდა ოკაცეს კანიონის და სათაფლიას აღკვეთილის რეაბილიტაცია.
თოკების პარკი მოეწყო მტირალასა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. საგამოფენო სივრცე მოეწყო ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკებში.
უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პრომეთეს მღვიმეში იცვლება განათებისა და აუდიოსისტემა. ოკაცეს ჩანჩქერზე კი ზიპ-ლაინი მონტაჟდება.
საქართველოში დღეისათვის სულ 86 დაცული ტერიტორიაა.