თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქის სანაპიროზე გაიმართა კონცერტები და პერფორმანსები, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.
აჭარა ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს. ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2018 წელს აჭარას 1,9 მილიონზე მეტი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,7%-ით მეტია.
აჭარაში ტურისტები არამარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებიან, არამედ ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან ასევე სხვადასხვა ქართული კერძების დამზადებას ისწავლიან, გაეცნობიან ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს.
როგორც მალიბუში: საქართველოში მაშველი გოგონები გამოჩნდებიან >>
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ბათუმი ტურისტების რეკორდული რაოდენობის მიღებას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ბათუმი გახდა გამარჯვებული პრემიის World Travel Awards-ი, რომელსაც „ტურისტულ ოსკარს“ უწოდებენ. აჭარის დედაქალაქს ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „ევროპის საუკეთესო სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება“.