ქორწინება რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის უფლებრივად თანასწორი და ნებაყოფლობითი კავშირია, ეს ჩვენი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა. თუმცა, მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, უფლებებსა და მოვალეობებს მეუღლეებს შორის.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში იმატა განქორწინებების რიცხვმა. რიცხვებს რომ ჩავხედოთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თუ 2012 წელს განქორწინების რიცხვი 7 136-ს შეადგენდა, ეს რიცხვი ყოველწიურად იზრდებოდა და 2018 წლისთვის 10 288-ს მიაღწია. საინტერესოა, რომ ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია.
როგორც აღვნიშნეთ, ქორწინება მეუღლეთა შორის მნიშვნელოვან უფლება-მოვალეობებს წარმოშობს, რომლებიც ზოგჯერ განქორწინების შემთხვევაში დავის საგანი ხდება. რა არის მეუღლეთა თანასაკუთრება, რა ქონება და მოვალეობები იყოფა მათი განქორწინების შემთხვევაში, ამ ყველაფერს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.
დღევანდელ სტატიაში მოკლედ აგიხსნით, რა უფლება-მოვალეობები გაქვთ განქორწინების შემთხვევაში.
თუ მეუღლეები თანახმა არიან განქორწინებაზე, ისინი შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მივლენ და განცხადებას დაწერენ, ხოლო თუ მათ შორის არსებობს პირადი ან ქონებრივი დავა, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს. გასათვალისწინებელია, რომ განქორწინებისთვის ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია, რადგან მათი კავშირი ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინება. მხოლოდ ქმარს არ აქვს უფლება განქორწინება მოითხოვოს მაშინ, როცა ცოლი ორსულადაა, ან ბავშვის დაბადებიდან ერთი წელი არ გასულა.
განქორწინების დროს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ქონების გაყოფაა. განვიხილოთ, რა არის ის თანასაკუთრება, რაც ოჯახის დანგრევის შემდეგ მეუღლეებს შორის იყოფა.
რა არის მეუღლეთა თანასაკუთრება?
დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი პრინციპი: მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მათ ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი ის მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა შესაძლებელია სხვაგვარი შეთანხმებაც).
ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ვის სახელზეა რეგისტრირებული, ერთ-ერთი მათგანი მუშაობს, თუ ორივე და ა.შ. მაგალითად, თუ ქორწინების პერიოდში თქვენი სახსრებით შეიძინეთ მანქანა, განქორწინებისას მასზე ქონებრივი უფლებები მეუღლესაც ექნება.
დაიმახსოვრეთ! თანასაკუთრებაში არ ითვლება ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით, ან ჩუქებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება თანასაკუთრებად ჩაითვალოს, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, დაასრულეს მშენებლობა, გადააგეგმარეს, გადააკეთეს და ა.შ.
როდის და როგორ იყოფა ქონება
გაითვალისწიენეთ! მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. თანასაკუთრება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით იყოფა, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ისინი სასამართლოს მიმართავენ.
საქართველოს კანონმდებლობით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო განსაზღვრავს, რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიაკუთვნოს. თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი, ან სხვაგვარი კომპენსაცია.
გაითვალისწინეთ! თუ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეიძინეთ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობები, ბიბლიოთეკა და ა.შ.), განქორწინების შემთხვევაში ეს ნივთები იმ მეუღლეს დარჩება, რომელსაც თავისი საქმიანობისთვის სჭირდება. ასევე, ქორწინების განმავლობაში ერთობლივი თანხებით შეძენილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები (ძვირფასეულობის გარდა) იმ მეუღლეს დარჩება, რომელიც ამ ნივთებით სარგებლობდა.
მიუხედავად თანასაკუთრების წილის თანაბრობისა, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს თანაბრობის წესს და ერთ-ერთი მეუღლის წილი გადიდდეს შემდეგ გარემოებებში: 1. მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, 2. შრომისუუნაროა, 3. მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
საერთო ვალები
საინტერესოა, რომ გარდა საერთო ქონებისა, განქორწინების დროს საერთო ვალებიც იყოფა მეუღლეებს შორის. კანონმდებლობის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
და, ბოლოს, იმისათვის, რომ თანასაკუთრების ქონების გაყოფა მოითხოვოთ, ამისთვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.