თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ოჯახის შესაქმნელად სასურველ ასაკად 30 წელს ასახელებენ, რაც, დემოგრაფიული თვალსაზრისით, საკმაოდ არასასურველი ასაკია, წერს გაზეთი „რეზონანსი".
უფრო ადრე ოჯახის შექმნა ახალგაზრდებს ეკონომიკური პრობლემების გამო არ გამოსდით, ამ ასაკში კი ისინი ფეხზე მყარად დგანან და ასეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე შეუძლიათ, მიიჩნევენ სპეციალისტები. დემოგრაფებმა უკვე დიდი ხანია განგაშის ზარს შემოკრეს, ისინი ცდილობენ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ დემოგრაფიულ პრობლემებს.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ შეიცვლება დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 ათასი ადამიანი იქნება. მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად (2014 წ.), საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია.
დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, დემოგრაფიულ კრიზისს საქართველო თავს ვერ დააღწევს, მაგრამ სახელმწიფომ დღეს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კატასტროფა აიცილოს თავიდან.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მიგრაცია – ყველაფერი მოქმედებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ამას გარდა, საქართველოს დღეს 1990-იანი მძიმე წლების ნაყოფს იმკის, როდესაც ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე წინა თაობაში.
ჩიბურდანიძის თქმით, ამ პერიოდში 450 ათასი გოგონას ნაცვლად დაიბადა 245 ათასი. სწორედ ამიტომ დღეს რეპროდუქციულ ასაკში შესული გაცილებით ნაკლები ქალია. დღეს სრული კრიზისი ჯერ არ არის, ის ოთხ-ხუთ წელიწადში დადგება და დაახლოებით ერთი თაობა (30 წელი) დასჭირდება.
ერი მალე ბერდება, ხოლო შობადობის მაჩვენებელი დაბალია. დემოგრაფები მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას უკვე 10-15 წელიწადში ელოდებიან. მათი თქმით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არა მარტო არ იქმნება ახალი ოჯახები, არამედ უკვე შექმნილიც ინგრევა. ბევრი წყვილი თავს იკავებს შვილის ყოლისგან, რადგან ბავშვების გაჩენა და მათი გაზრდა სულ უფრო რთულდება.
ოფიციალური მონაცემებით, 1989 წლიდან საქართველოს მოსახლეობა 1 700 ათასი ადამიანით შემცირდა. ესაა შედეგი ტოტალური მიგრაციის, ასევე განქორწინების, აცხადებენ დემოგრაფები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 25,1 ათასზე მეტი ქორწინება, ხოლო 2017 წელს ეს რიცხვი 23,6 ათასამდე შემცირდა. რაც შეეხება განქორწინებას, 2016 წელს იყო 9,5 ათასზე მეტი ასეთი შემთხვევა, ხოლო 2017 წელს – 10,2 ათასზე მეტი. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, არის მხოლოდ იანვარი-ივნისის მონაცემები, რომლის მიხედვით, დარეგისტრირდა 10,3 ათასზე მეტი ქორწინება და 5 ათასზე მეტი - განქორწინება.
დემოგრაფები სახელმწიფოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები, რათა დააკმაყოფილოს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მათ მეტი შვილის გაჩენის სურვილი გაუჩნდეთ.
დემოგრაფიის თვალაზრისით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო–ზემო სვანეთში. შედარებით უკეთესი ვითარებაა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.