არჩევნების რეპეტიცია დასრულდა! შედგება თუ არა პრემიერა?

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVხელისუფლება, ოპოზიცია და არჩევნები
ხელისუფლება, ოპოზიცია და არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო ბატალიების შესაძლო გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე... რას ვერ ელევა პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რას სთავაზობს ის ელექტორატს და რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს უახლოეს მომავალში, ვინ და რატომ არ ცვლის თამაშის წესებს?

სამსონ ხონელი

არჩევანი მთაწმინდელებმაც გააკეთეს და ამით საგაზაფხულოდ დანიშნული პოლიტიკური ასპარეზობა წარსულს ჩაბარდა... მიუხედავად საფინალო სასტვენისა, შუალედური არჩევნები მთელი თავისი „დიდებულებით“ კვლავაც რჩება ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემად. ასე რომ, პატივცემულო მკითხველო, ნუ გაგიკვირდება, თუ წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას განვლილი პოლიტიკური ბატალიების შედეგებსა და სამომავლოდ პროცესების განვითარებაზე მისი შესაძლო გავლენის საკითხზე გავამახვილებ.

თანმიმდევრულად მივყვეთ, შევაფასოთ მმართველი ძალისა და ოპოზიციის მოქმედება... არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ზოგადი სურათის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ახალი არაფერი გვინახავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორ უნაყოფო ჩიხშია შესული ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. მთავარი ინტრიგა ამჯერადაც ის გახლდათ, მოახერხებდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს. ასე გრძელდება შვიდი წელია და ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საარჩევნო ველზე მოიგო ყველაფერი. ხელისუფალთა და ნახელისუფალთა დაძაბულობამ გადაფარა ყველაფერი − სასიცოცხლოდ აუცილებელი სახელმწიფო პროექტები...

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილმა „გაბრაზებული ადამიანების“ პარტია შექმნა

არჩევნებით არსებითად არაფერი შეცვლილა. ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებაზე. ელექტორალური მასა მიხეილ სააკაშვილს რომ არ აჰყვებოდა, იმთავითვე ცხადი იყო. ამომრჩეველმა ისევ მმართველი პოლიტიკური ძალა არჩია, რომელიც ყოველი არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების შეხსენებით იღლება და დიდწილად ამით გადის ფონს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი ვითარება იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მეორე მხრივ კი გვყავს ოპოზიციური სპექტრის ლამის მონოპოლიურად მფლობელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ მორალური რესურსი აღარ გააჩნია. უფრო მკვეთრად თუ ვიტყვი, დღეს ქვეყანა ორი მორალურად გაცვეთილი ძალისა და სხვა ბევრი წვრილ-წვრილი პოლიტიკური საფეოდალოების ხელშია დარჩენილი... „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გათვალეს, რომ სიტუაციის მუდმივი დაძაბვა, მუდმივი ემოციური ექსტრემიზმი მათვე აზარალებს. ამომრჩეველი უბრალოდ იღლება ამ უნაყოფო დაძაბულობის ცქერით. ვერც ერთი და ვერც მეორე ამომრჩეველს ვეღარ აწვდის პოზიტიურ იდეას. დღეს სცენაზე მყოფ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოქალაქე „კარგად იცნობს“ და მათ მიმართ არავითარი განსაკუთრებული მოლოდინი არა აქვს... ექსპერტულ წრეებში არის მოსაზრება, რომ პოლიტიკური ველით იმედგაცრუება არახალია და უცნაურად მეორდება 2008-2011 წლების ფსიქოლოგიური კლიმატი...

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რა გავლენას მოახდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიევური აქტივობა საქართველოზე

ანალიტიკოსი ზაზა ფირალიშვილი: „თუ გახსოვთ, მაშინაც სწორედ ასეთი გამოუვალობის განცდა იყო, განსაკუთრებით კი - 2011 წლის მაისის აქციების შემდგომ. დიახ, შეუძლებელია პოზიტიური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და რაგინდარა სხვა პროცესი, თუ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს დიალოგისა და კონსენსუსის სივრცე, თუ არ არსებობს სამოქალაქო დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურა და ყველა მხარე მოწინააღმდეგის ერთხელ და სამუდამოდ განდევნის გულუბრყვილო, თუმცა კი ბოროტების მომტან ილუზიაშია. ცივი სამოქალაქო ომის პირობებში ქვეყანა ან ერთ ადგილზე დგას, ან კვლავ და კვლავ ხელახლა იწყებს ყველაფერს...“  

ახლა, როცა ყველაფერი, რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პრიზმაში განიხილება, საინტერესოა, როგორ აისახება შუალედური არჩევნები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ძალთა ბალანსზე? ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მომავალი წლისთვის სიტუაციის შეცვლას ნაკლებად ელოდება. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჯერაც საკმარის რესურსებს ფლობს და მისი ერთ-ერთი მთავარი რესურსი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტიურობაა...

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პროკურორი: სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი: „საკმარისია პოლიტიკური განვითარების პოზიტიური ნიშნები გამოჩნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმწამსვე იქაა თავისი ჰიპერტროფირებული პიარით, ზღვრული საინფორმაციო შფოთით. ეს ყველაფერი კი „ქართული ოცნებისთვის“ აიოლებს ამომრჩეველთა თავმოყრას და ერთპარტიული მმართველობისკენ სვლას. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ადგილზე მე საგანგებოდაც შევუწყობდი ხელს ყოველი მორიგი არჩევნებისას მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას... მისი მმართველობის წლების უარყოფითი მხარეები ისე მყარად ზის უბრალო მოქალაქის მეხსიერებაში, რომ ის მზად არის თვალი დახუჭოს ყველა იმ უმსგავსობაზე, რაც დღეს უკვე „ქართული ოცნების“ პირობებში ხდება. ეს კი სახელმწიფოებრივად არის სახიფათო...“

აქტუალურ თემად რჩება ის, თუ რამდენად ადეკვატურად შეაფასებს ოპოზიცია არჩევნების შედეგებს და პერსპექტივას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ოპოზიციურ ლიდერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 2020 წელს მიხეილ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ვერ იოცნებებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი შეეგუება ბედს და გვერდზე გადგება... ამ მოსაზრებას ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეთანხმება.

არჩევნები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
რატომ იქცა თბილისის ერთი ოლქის არჩევნები ასეთ მნიშვნელოვან მოვლენად

ზაზა ფირალიშვილი: „მისი როლი დღეს ცალსახად უარყოფითია და ის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას ხელს უშლის. მის აქტიურობას კი ხელს უწყობს როგორც მისი ოპონენტების კონცეპტუალური სიღარიბე, ისე სხვა გამოკვეთილი პიროვნების არარსებობა ოპოზიციურ ბანაკში. მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე რაციონალური იქნებოდა ორიოდე წლით მაინც „მოესვენებინა“... ეგება ამით პოლიტიკურ პროცესებსაც რაღაც შანსი მისცემოდა, მაგრამ მისი ტემპერამენტის ადამიანს ჰიპერაქტიურობის გარეშე არსებობა არ შეუძლია...“

არის მოლოდინი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის მოპოვებას სხვა პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, თუმცა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ამის შემძლე ჯერ არავინ ჩანს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ამ როლში თავის „ფარულ“ ან აშკარა სატელიტებს შემოგვთავაზებენ და ამით ამ იდეასაც წყალს შეუყენებენ. ვითვალისწინებ, რომ პოლიტიკურ ლიდერებს თითქმის თანაბარი რეიტინგები აქვთ და ქართულ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება. ახალი ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს, ახალი ლიდერებით და იდეებით!

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ ლადო კახაძეს გამარჯვება მიულოცა

სოსო ცისკარიშვილი: „რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირებას, დღევანდელი პოლიტიკური ძალებიდან ამის პოტენციას თითქმის არავინ ამჟღავნებს. როგორც ჩანს, სულ მცირე, ახალი აქტორების და ამის შემძლე პიროვნებების გამოჩენაა საჭირო. პოლიტიკაში არიან გონიერი და გამოცდილი ადამიანები, მაგრამ არ არის პიროვნება, რომელიც გვერდზე გასწევს არსებულ სისტემას და რაღაც განსხვავებულს და საიმედოს შემოგვთავაზებს...“

მომავალ წელს, საშემოდგომოდ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უნდა დაიდგას სპექტაკლი. შედგება პრემიერა თუ კვლავაც ვიხილავთ ნაცნობ წარმოდგენას? პასუხი არ არის რთული... პრემიერას სჭირდება ახალი პიესა და ახალი სახეები! არ ჩანს არც ერთი!

 

ყველა ახალი ამბავი
0