თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება. ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო ფორმა 12:00 საათზე დაიდება.
მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო>>
აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. მეორე ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 ათასს აღწევს.
წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.