თბილისი, 20 მაისი - Sputnik. თბილისის მერიამ შეუწყვიტა კონტრაქტი კომპანია „ნილს“, რომელიც დედაქალაქის საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტებით ამარაგებდა, განაცხადა ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.
ილია ელოშვილი კომპანიისთვის კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს ასახელებს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს“, - განაცხადა ელოშვილმა.
ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ – მხილებულია ორი პირი >>
თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლამდელი დაწესებულებების მომარაგების პროცესი არ შეწყდება. 21 მაისიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღი მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებებს თავად გააფორმებენ.
შეგახსენებთ, რომ შარშან კომპანია „ნილი“ სამჯერ დააჯარიმეს. ორჯერ ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის და ერთხელ ჰიგიენური ნორმების კრიტიკული შეუსაბამობის გამო.
პირველ ჯერზე კომპანია 400 ლარით დაჯარიმდა, მეორე შემთხვევაში - 1200 ლარით, მესამეში - 1000 ლარით.
2018 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქის 157 საბავშვო ბაღში სახელმწიფო შემოწმება ჩაატარა.
თბილისის საბავშვო ბაღებში ხაჭო და არაჟანი დააბრუნეს >>
თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.