თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მთაწმინდაზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა, ამჟამად არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
„ყველა უბანი დროულად გაიხსნა და ამ მომენტში კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა მიქელაძემ.
საქართველოში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო >>
მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, როდესაც 20-დან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა - არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.
შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).
უბნების დახურვამდე, 20:00 საათამდე, არჩევნის გაკეთება 31 საარჩევნო უბანზე 43 909 ამომრჩეველს შეუძლია.
არჩევნებს დააკვირდება 52 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 5,2 ათასი დამკვირვებელი და 53 - შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. აკრედიტაცია 45 მედიასაშუალების 1,9 ათასმა ჟურნალისტმა მოიპოვა. არჩევნების პროცესს ასევე დააკვირდება იმ პარტიების 123 წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნებში.
არჩევნების პროცესს უშუალოდ საარჩევნო უბნებიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გააშუქებს 1900-ზე მეტი ჟურნალისტი 45 მედიასაშუალებიდან.
ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია. უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.