RT-ს ტოპ-მენეჯერი: ფეიკნიუსები სხვადასხვა მიზეზით ჩნდება

გამოწერა
ანა ბელკინას თქმით, დასავლური მედიასაშუალებები სხვადასხვა თვალსაზრისის მნიშვნელობაზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ალტერნატიული თვალსაზრისი არ მოეწონათ. 

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ RT-სა და Sputnik-ის შემთხვევაში მაშინვე იწყებენ ლაპარაკს, რომ რუსებმა ეს სპეციალურად გააკეთეს, განაცხადა RT-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ანა ბელკინამ საქართველოში მედიამენეჯერებისთვის, ჟურნალისტებისა და PR-მენეჯერებისთვის შექმნილ SputnikPro-ს ახალი მოდულის მასტერკლასზე.

„არსებობს ფეიკ-ნიუსების გაჩენის რამდენიმე მიზეზი. ზოგჯერ წინასწარი განზრახვის გარეშე. შეცდომა ყველას მოსდის. თუ რომელიმე მედიასაშუალება ამბობს, რომ შეცდომა არ მოსდის, ის იტყუება. განსხვავება იმაშია, რომ თუ ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ამბობენ, რომ ეს რუსებმა სპეციალურად გააკეთეს. თუ [დასავლური მედია] უშვებს ფეიკ-ნიუსს, ამბობენ, რომ შემთხვევით გამოვიდა ასე“, — აღნიშნა ანა ბელკინამ.

მისი  თქმით, დასავლური მედიასაშუალებები სხვადასხვა თვალსაზრისის მნიშვნელობაზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ალტერნატიული თვალსაზრისი არ მოეწონათ. 

ანა ბელკინა - Sputnik საქართველო
ანა ბელკინა: „არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია, არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი“

„დასავლური და ამერიკული მედიასაშუალებები, რომელზეც ორიენტაცია გვქონდა აღებული, გვეუბნებოდნენ, რომ განსხვავებული თვალსაზრისი — ეს კარგია, რომ ეს ჟურნალისტიკისა და თავისუფალი პრესის საწინდარია. და აი ჩვენც მოვედით ჩვენი ალტერნატიული თვალსაზრისით. აუდიტორიას ეს მოეწონა, თქვა, რომ დიდი ხანია, აკლდა ეს. იმ მედიასაშუალებებმა კი ზურგი შეგვაქციეს. არანაირი ჟურნალისტური სოლიდარობა არ გამოუჩენიათ“, — თქვა ბელკინამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ RT და Sputnik-ი მედიასაშუალებებია და არავისზე თავდასხმა არ სურთ, „ჩვენ გვსურს ვაკეთოთ ჩვენი საქმე“.

ბელკინა ამბობს, რომ თუ ადამიანი RT-ს საიტზე ათიოდე წუთს გაატარებს, დაინახავს, რუსეთის შესახებ რამდენი პრობლემური საკითხი შუქდება.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სრულ სურათს ვქმნით“, — განაცხადა RT-ს ტოპ-მენეჯერმა.

ყველა ახალი ამბავი
0