თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საიუბილეო, მეხუთე Art Weekend კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 7, 8 და 9 ივნისს გაიმართება. საუბრებზე ქართულ და მსოფლიო ხელოვნებაზე არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ყველა მსურველს იწვევენ.
პროგრამაშია საინტერესო ლექციები, კინოჩვენებები და ფოტოგამოფენები.
ღონისძიება 7 ივნისს გაიხსნება ლექციით გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და გამომგონებლის შესახებ - „დავით კაკაბაძე - ხელოვნება და მეცნიერება"; ასევე, ნაჩვენები იქნება შედევრი ქართული კინემატოგრაფიის საგანძურიდან, 1930 წელს გადაღებული ფილმი „ჯიმ შვანთე" (რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი).
ღონისძიების მეორე დღეს, 8 ივნისს დაგეგმილია საჯარო ლექციები: „სოციალური და პოლიტიკური თეატრი - იარაღი საკუთარ თავზე და გარემოზე სალაპარაკოდ", „დევიდ ლინჩის "Twin Peaks-ის მითოლოგია", „გასართობი დაკვირვებები ქართულ ფილმებზე".
Art Weekend-ის მესამე დღეს, 9 ივნისს სტუდენტებთან და სტუმრებთან გაიმართება დისპუტი ცნობილ ამერიკელ მწერალ ჯერომ სელინჯერზე, გერმანულენოვანი ავტორების გაერთიანებაზე „ჯგუფი 47", გრაფიკულ ნოველებზე. ლექციებს ჩაატარებენ ლევან გიგინეიშვილი, დათო გორგილაძე, სანდრო რაჩკოვსკი და ანა კორძაია-სამადაშვილი.
ლექციების პარალელურად კამპუსში გაიმართება ფოტოგრაფ გიორგი დადიანის ნამუშევრების გამოფენა „1+1+1".
დასწრება Art Weekend-ის ღონისძიებებზე თავისუფალია. დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.