თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს და წარმატებით გამოსცადეს ვაქცინა, რომელიც პაციენტებს ერთდროულად იცავს გრიპისგანაც და ასევე რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსისგან. ეს უკანასკნელი ბრონქოლიტის ძირითად გამომწვევად და პნევმონიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევა.
მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Antiviral Research-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ გრიპის ეპიდემიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. დაავადებასთან ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ არსებობს ვირუსის სამი ნაირსახეობა — А, В და С. იმის პროგნოზირება, თუ რომელი სახეობა გავრცელდება მეტად ამა თუ იმ წელს, საკმაოდ რთულია.
გარდა ამისა, ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შტამის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას ხდის შესაძლებელს.
არანაკლებ პრობლემას იწვევს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი (RSV), რომლითაც ყოველწლიურად 30 მლნ-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი ავადდება და ათასობით სიცოცხლე მიაქვს. გრიპისგან განსხვავებით, ამ პათოგენის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაზე უკვე ნახევარი საუკუნეა მუშაობენ.
როგორც რუსეთის სამეცნიერო ფონდის პრესსამსახური იუწყება, სანქტ-პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის სწავლულებმა ეს პრობლემა გადაჭრეს.
რუსმა მკვლევარებმა და მათმა ამერიკელმა კოლეგებმა ატლანტიდან ივარაუდეს, რომ გრიპის ვირუსის გენომი ისე შეიძლება შეიცვალოს, რომ მისი გარსი ცილოვანი მოლეკულებით დაიფაროს — ისეთებით, როგორებიც RSV-ს ზედაპირზე არსებობს.
ერთი წლის წინ მათ შეძლეს შეექმნათ არა ერთი, არამედ ორი ვაქცინა ფრინველის გრიპის ერთ-ერთი ნაირსახეობის ბაზაზე — H7N9-ზე, რომლის გენომშიც რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის ცილოვანი მოლეკულების მოსაკრებელი „ინსტრუქციები“ ჩაამატეს. ეს ცილა იმგავარად იყო შერჩეული, რომ მინიმალურ ალერგიულ რეაქციას იწვევდა და ამასთან, ხელს უწყობდა იმუნური რეაქციის განვითარებას.
ამის შემდეგ პეტერბურგელმა მეცნიერებმა მიღებული ვაქცინა ლაბორატორიულ მღრღნელებზე შეამოწმეს — მათ ორგანიზმში ჯერ ორიდან ერთი ექსპერიმენტული ვაქცინის ორი დოზა შეიყვანეს, ორი კვირის შემდეგ კი შეეცადნენ, დაესნებოვნებინათ თაგვები ვირუსით.
ცდებმა აჩვენა, რომ ახალი „ ჰიბრიდული“ ვაქცინები ნამდვილად იცავდა თაგვებს გრიპისა და ასევე პნევმონიის გამომწვევისგან. ამასთან, არ იწვევდა ალერგიას და მძიმე გვერდით შედეგებს.
ყოველივე ეს, მეცნიერების თქმით, საშუალებას იძლევა, ვაქცინების კლინიკური ცდები უკვე ადამიანებზე ჩატარდეს.