თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. უნიკალური ნაყინის ფესტივალზე, რომელიც მოსკოვში სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (ВДНХ) გაიმართება, შესაძლებელი იქნება ნავთობის ექსტრაქტისა და „18+“ ნაყინების დაგემოვნება, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
ფესტივალზე, რომელიც 11 ივნისს დაიწყება და 16 ივნისამდე გასტანს, წარმოდგენილი იქნება ნაყინის 60 სახეობა ირანიდან, ინდოეთიდან, ალასკიდან და სხვ.
„ჩვენ ვამაყობთ ნაყინით, რომელიც ღიღილოსგანაა დამზადებული... გარდა ამისა, გვაქვს ნაყინი ოქროთი — რომელიც არაბული სანელებლების ბაზაზე შევქმენით, და ვერცხლით, რომელიც ნუშის რძეზეა დამზადებული“, — განაცხადა კონდიტერმა მარინა დევიატკომ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფესტივალი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ამდენი უჩვეულო ნაყინი გამოიფინება.
კულინართა ასოციაციის პრეზიდენტ ვლადიმირ ოლეინიკოვის თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნაყინები სიცილიური ტომატებით, რეჰანით და ასევე ფრანგული ყველით.
გარდა ამისა, პირველად მსოფლიოში გამოიფინება ცისფერი ნაყინი ზღვის მარილითა და ნავთობის ექსტრაქტით და ასევე მანათობელი ნაყინი. ოლეინიკოვის განმარტებით, ამ უკანასკნელი სახეობისთვის ინგრედიენტები მთელი რუსეთის მასშტაბით გროვდება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ სტუმრებს ნამდვილად გააოცებს ესკიმოსური ნაყინი „აკუტაკი“, რაც თარგმანში ნიშნავს „ნარევს“. მის მოსამზადებლად ესკიმოსები იყენებენ სელაპის ან ვეშაპის ქონს, რომელსაც ლოსის სალას ან ირმის ხორცს უმატებენ. გარდა ამისა, ესკიმოსებს აქვთ კენკრის ნაყინიც, რომელსაც ქონსა და სალას ურევენ.
ამ დროისათვის ფესტივალზე უკვე ათასზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული.
ცნობილი ხდება, რომ გასულ წლებში ჩატარებული ფესტივალების პრაქტიკით, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყინი ტომატებით და ასევე კარამელიზებული ბეკონით.