ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში

© photo: Sputnikნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს დროს, როდესაც არ არსებობდა კომპიუტერი და ადამიანები ჭადრაკს ხშირად თამაშობდნენ

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა РИА Новости-სთან ინტერვიუში ქართველ მოჭადრაკეთა თანამედროვე თაობაზე ისაუბრა და წარსული გაიხსენა.

გაფრინდაშვილის თვალსაზრისით, საქართველოში არიან კარგი მოჭადრაკეები, რომლებმაც საკმაოდ კარგად იასპარეზეს შარშან ბათუმის ოლიმპიადაზე, თუმცა მსოფლიო დონეზე მაღალი შედეგების მიღწევა ჯერჯერობით არავის შეუძლია.

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია >>

„მე ჯერჯერობით ასეთ ტალანტებს ვერ ვხედავ. იცით, საქართველოს ვაჟთა ნაკრები მაშინ იქნებოდა ისეთივე ძლიერი, როგორც ქალთა ნაკრები, თუ გაერთიანდებოდა ორი თაობა - როდესაც თამაშობდნენ კარგი მოჭადრაკეები, რომლებიც ოლიმპიადებზე პირველ ათეულებში ხვდებოდნენ, ზოგს კი მესამე ადგილზე მოხვედრის შანსი ჰქონდათ. ეს შესანიშნავი შედეგებია და ეს ახალგაზრდა ნიჭიერ მოჭადრაკეთა მთელი ჯგუფი იყო. მაგრამ ზოგი ბანქოს თამაშზე გადაერთო, ზოგი ბიზნესში წავიდა. მათ სხვა გზა აირჩიეს, ამიტომ გაერთიანება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა დიდოსტატმა.

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ

რაც შეეხება ქალებს, მისი თქმით, საუკეთესო მოჭადრაკეები საბჭოთა პერიოდში იყვნენ. გაფრინდაშვილი იხსენებს, რომ მაშინ მსოფლიო პირველობისთვის გამართულ სამივე მატჩში ერთმანეთს ქართველი ქალები ეთამაშებოდნენ და წყვეტდნენ, ვინ იქნება მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო სსრკ-ის ნაკრები მთლიანად საქართველოს წარმომადგენელი ქალებით იყო დაკომპლექტებული.

„შეუდარებელი შედეგები იყო, ასეთი რამ არ მომხდარა არცერთ დიდ ქვეყანაში, სპორტის არცერთ სახეობაში. და მე თუ მკითხავთ, არა მგონია, ასეთი რამ ოდესმე განმეორდეს. ასეთი სასწაულები არ ხდება - ეტყობა, ჩვენ, საქართველოს მაშინ ღმერთმა გადმოგვხედა“, - გამოტყდა გაფრინდაშვილი.

წარსულში კომპიუტერების არარსებობა - მთავარი მიზეზია, რომლის გამო ჭადრაკისადმი ასეთი ძლიერი ინტერესი იყო, მიიჩნევს მსოფლიო ჩემპიონი.

გაფრინდაშვილი ასევე იხსენებს, რომ 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გამარჯვების შემდეგ ბევრ გოგონას მის სახელს არქმევდნენ, შემდეგ კი სხვა ცნობილი მოჭადრაკეების სახელებს, რამაც ასევე ხელი შეუწყო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.

„რა თქმა უნდა, დღეს ეს აღარ არის - ინტერნეტმა ბევრი რამ დაგვაკარგვინა, განსაკუთრებით ჭადრაკს... მე ვამაყობ იმ დროით, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, რადგან მაშინ საქართველო ყვაოდა. და კულტურაში, სპორტის ბევრი სახეობის ნაკრებებში პროცენტულად ბევრი ქართველი იყო, ჩვენ ბევრი დიდი სპორტსმენი გვყავდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 - 1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა >>

ნონა გაფრინდაშვილი 78 წლისაა. ჭადრაკის თამაში მან ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 15 წლისა გახდა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი. ბოლო ტიტული გაფრინდაშვილმა 2018 წელს აიღო, როდესაც ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

საქართველოში ლეგენდარული მოჭადრაკის პატივსაცემად ყოველწლიურად საჭადრაკო ტურნირი იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0