თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. მუსიკალური პროექტი „თბილისური ეზო 2019“ საქართველოს დედაქალაქში 2 ივნისს იწყება, იუწყებიან პროექტის ორგანიზატორები.
კომპანია ArtArea-ს მუსიკალური პროექტი „თბილისური ეზო“ დედაქალაქში რამდენიმე წელია არსებობს. პროფესიონალი მუსიკოსები იკრიბებიან ქალაქის სხვადასხვა ეზოებში, აწყობენ იმპროვიზებულ სცენებს და შეკრებილი მსმენელის წინაშე უკრავენ. ისინი ყველა ჟანრის მუსიკას ასრულებენ: კლასიკით დაწყებული ქალაქური სიმღერით დასრულებული.
წელს „თბილისური ეზო“ ეძღვნება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, გიორგი დანელიას შემოქმედებას და ატარებს სახელწოდებას „დანელიადა“.
პროექტში მონაწილეობას იღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლისტები - გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე, ნატალია ბენიძე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ არტისტები, ნომრების დამდგმელი რეჟისორი მარიამ ალექსიძე, პროექტის მოწვეული სტუმარი - ლევან გაბრიაძე. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი - უტა ბერაია. იდეის ავტორი და რეჟისორი - ირაკლი შატბერაშვილი.
პირველი კონცერტი შედგება დღეს 20:00 საათზე. მისამართი: ინგოროყვას ქუჩა, 4. „თბილისური ეზო“ დიდი რეჟისორის მუსიკისა და შემოქმედების ყველა მოყვარულს ელოდება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.