თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. გემმა „არგომ" მოგზაურობა გაუწმენდავი კალაპოტის გამო შეწყვიტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გემმა „არგომ” მოგზაურობა გუშინ ფოთიდან დაიწყო. ის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ მდინარე რიონში გაუშვა. გემმა გეზი ფოთიდან, მდინარე კაპარჭიდან აიღო და მარშრუტი 2 ივნისს ვანში უნდა დაესრულებინა. ომარ ნიშნიანიძის თქმით, ეს მოგზაურობა ერთგვარი თეატრალიზებული სანახაობაა, რომელიც საქართველოში ცნობილი ინგლისელი მეცნიერის ტიმ სევერინის მოგზაურობის 35-ე წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისახავს ამ თემის პოპულაარიზაციას.
ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ეკიპაჟის წევრებს გემის მართვა მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო გაუჭირდათ.
„გუშინ ხუთი საათის მანძილზე ვიცურეთ, მაგრამ მოგზაურობა გაართულა მდინარის გაუწმენდავმა კალაპოტმა და ეს ართულებს გემის გაცურვას. ორი კატერი გვეხმარებოდა. შესაძლოა, გარკვეული მანძილზე გემი ტრანსპორტით წავიღოთ. ეს იყო პერფორმანსი, რომელიც გამოვიდა და თავისი მისია შეასრულა”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
მისი თქმით, პერფორმანსი ვანში გაგრძელდება და დაგეგმილი ღონისძიება არ ჩაიშლება.
ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ გაიწმინდოს მდინარის კალაპოტი და აღნიშნულ მონაკვეთზე ტურისტული მარშრუტები განხორციელდეს.
ხომალდის აგება ფოთში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა. ომარ ნიშნიანიძე მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.