სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.
სამოქალაქო კოდექსი, პირველ რიგში, მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს. ანუ, ვერ აკრძალავთ მეზობლისგან გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებებს, თუ ისინი ხელს არ გიშლით ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ თქვენს უფლებებს.
შეიძლება ზემოქმედება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მეზობელს მაინც დაეკისროს თმენის ვალდებულება. მაგალითად, თუ თქვენი ბინის მახლობლად ცხოვრობს მუსიკოსი, რომლის რეპეტიციაც გაწუხებთ, მაინც ვერ აუკრძალავთ დაკვრას, რადგან ეს მისი ჩვეულებრივი, ნორმალური სამეურნეო საქმიანობაა.
აღსანიშნავია, რომ სამეზობლო თმენათა ვალდებულებასაც არ გააჩნია მკვეთი ზღვარი. მაინც რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუ უკვე შეუძლებელია მეზობლის სახლიდან გამომავალი მშენებლობის ხმაურის, ან გვიან ღამით ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის თუ მუსიკის ხმის ატანა.
მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ მეზობლობის ტრადიცია კანონზე არ უნდა გაიცვალოს, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად სამეზობლო ურთიერთობები კომუნიკაციით კი იწყება, მაგრამ შემდეგ გადადის დაპირისპირებაში, რაც ხშირად დანაშაულის ჩადენის საფუძველი ხდება, ჩხუბობენ, ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს ან მიმართავენ სასამართლოს.
მიუხედავად იმის, რომ დღესდღეობით ხმის რეგულირების სტანდარტი არსებობს, საკმაოდ რთულია მისი დაცვის უზრუნველყოფა. მართლაც, რომ წარმოვიდგინოთ, ძნელია, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი დადგეს საცხოვრებელ სახლთან და დაელოდოს მეზობელი როდის იხმაურებს, რომ მერე მას ხმაურის სტანდარტი განუსაზღვროს.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებას თბილისის მასშტაბით დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ. ისინი ადგილზე გადიან და სიტუაციას ამოწმებენ. ინფორმაციის მიმწოდებლები ძირითადად არიან მოქალაქეები, რომლებიც ამავე სამსახურს ცხელი ხაზის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უკავშირდებიან. არის შემთხვევები, როდესაც ხმაურის ნორმის გადაჭარბებაზე მუნიციპალიტეტში ოფიციალური განცხადებებიც შედის.
ე.წ. ხმაურის კანონი, რომლის მიხედვითაც დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, 2017 წლიდან ამოქმედდა. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.
ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.
ანუ, თუ მიიჩნევთ, რომ მეზობელმა ხმაურის დაშვებულ ნორმას გადააჭარბა და ის თქვენთვის უკვე აუტანელი გახდა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ. თქვენს ურჩ მეზობელს პირველ ჯერზე გააფრთხილებენ, ერთი წლის განმავლობაში კი, თუ მსგავსი დარღვევა ისევ დაფიქსირდა, 150 ლარით დააჯარიმებენ. ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში ფინანსური სანქცია იზრდება და თქვენს ხმაურიან მეზობელს 300 ლარით დააჯარიმებენ.
ჩვენ კი მაინც გირჩევთ, ვიდრე კანონებით დაარეგულირებდეთ მეზობელთან ურთიერთობას, ისევ ქართული ანდაზა გაიხსენოთ: „გაჭირვებაში კარის მეზობელი ძმაზე უწინ მოგეშველებაო“.
მარიამ ბერიძე