თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართველმა მეღვინეებმა საკუთარი პროდუქცია ნატურალური ღვინის პირველ ფესტივალზე პოლონეთში წარმოადგინეს, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას“ ხელმძღვანელმა მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის სტუმრებისთვის გამართა საღამო სახელწოდებით „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო...“. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები ესწრებოდნენ.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: „რქაწითელი 2017“ (თელავის ღვინის მარანი), „საფერავი 2017“ (თელავის ღვინის მარანი), „ჩინური 2015“ (ბექა გოცაძე), „კრახუნა 2016“ (ამირან ვეფხვაძე), რქაწითელი 2017 (ასადელი) და „საფერავი 2017“ (ლევან შიუკაშვილი).
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. სააგენტოს თანამშრომლები პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პოლონეთი მეოთხე ადგილს იკავებს. ოთხ თვეში პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ ბოთლი ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 16%-ით აღემატება.
ყველაზე გემრიელი და იშვიათი კერძები: თბილისში კულინარიული ფესტივალი გაიმართება >>
2019 წლის ოთხ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 63,2 მილიონი დოლარის ღირებულების 26 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.