თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად მუშაობს ღვინის ხარისხის ამაღლებაზე და, შესაბამისად, საექსპორტო ღირებულების გაზრდაზე, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ჟურნალისტებთან.
ქართული ღვინო და იშვიათი ტექნოლოგიები - თანამედროვე მეღვინეების ექსპერიმენტები>>>
2019 წლის ოთხი თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 63,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით მეტია გასული წლის იანვარ-აპრილის მონაცემებზე.
„ექსპორტირებული ღვინის ღირებულების ზრდას გატანილი ბოთლების რაოდენობა უსწრებს. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს უახლოვდება, როცა უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა გავზარდოთ ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება", – განაცხადა მეხუზლამ.
მისი სიტყვებით, ოთხი თვის შედეგებით, შენარჩუნებულია ექსპორტის ზრდის ტენდენცია, მათ შორის სტრატეგიულ ბაზრებზე.
საქართველომ 2019 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის იანვარ-აპრილის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინის ექსპორტის მხრივ ქვეყნების ხუთეულში რუსეთი ლიდერობს.
ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა აშშ-ში (+108%), ისრაელში (+102%), ბელარუსში (+88%), საფრანგეთში (+81%), მონღოლეთში (+72%), კანადაში (+70%) და სხვა ქვეყნებში.
ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.
ასევე იზრდება ქართული ჭაჭის და ბრენდის პოპულარობაც – 2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი 67%-ით გაიზარდა, ჭაჭის – 168%-ით.
2019 წლის იანვარ-აპრილში ბრენდი ექსპორტირებულია 16 ქვეყანაში, ხოლო ჭაჭა – 18-ში.