თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიბრალტარისა და დანიის გუნდების წინააღმდეგ „ევრო-2020"-ის შესარჩევ მატჩებზე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 27 ფეხბურთელი მოხვდა, რომელთა შორის ერთი დებიუტანტია - მოსკოვის „ლოკომოტივის" 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია ( „მაგდებურგი") , გიორგი მაკარიძე ( „ვიტორია", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ( „ტორპედო", ქუთაისი).
მცველები: ოთარ კაკაბაძე ( „ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია ( „სან-ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), საბა კვერკველია ( „ლოკომოტივი", მოსკოვი), დავით ხოჭოლავა ( „შახტარი", უკრაინა), გია გრიგალავა ( „არსენალი", ტულა) ლაშა დვალი ( „ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე ( „ციურიხი", შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი ( „დინამო", ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ( „ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ( „შტურმი", ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი ( „ესიუერგი", დანია), ვაკო გვილია ( „გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ( „ვისლა", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ( „რანდერსი", დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ( „ზლინი", ჩეხეთი), გიორგი ხარაიშვილი ( „გეტებორგი", შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( „სარაგოსა", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია ( „ლოკომოტივი", მოსკოვი), ჯაბა ჯიღაური ( „გრენობლი", საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია ( „ლუგო", ესპანეთი).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ( „გენტი", ბელგია), ვატო არველაძე ( „კორონა", პოლონეთი), ლევან მჭედლიძე ( „ემპოლი", იტალია).
აღსანიშნავია გაფართოებულ ფორმატში ტულის „არსენალიდან" გია გრიგალავას გამოჩენა. ბოლოს იგი ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს ბელარუსის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩზე (2:2) გამოიძახეს.
ამჟამინდელი შემადგენლობის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია მასში „სან-ხოსე ერტკვეიკსის" ნახევარმცველის ვაკო ყაზაიშვილის არყოფნა. თუ რატომ არ გამოიძახა ვაისმა ყაზაიშვილი - ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქართველოს ნაკრები „ევრო 2020"-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას 1 ივნისიდან დაიწყებს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩებს, 7 ივნისს ქართველი ფეხბურთელები გიბრალტარის წინააღმდეგ (თბილისის დროით 20:00 საათი) გამართავენ მატჩს, სამი დღის შემდეგ კი კოპენჰაგენში დანიის წინააღმდეგ (თბილისის დროით 22:45 საათი).
ევრო–2020-ის შესარჩევ D ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველოს არც ერთი ქულა არა აქვს. პირველ ტურში თბილისში გამართულ მატჩზე ვაისის ნაკრები შვეიცარიასთან (0:2) დამარცხდა, მეორე თამაშში კი დუბლინში - ირლანდიასთან (0:1).