თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ექიმების გულგრილობა, ოპერაციების არასწორი ჩატარება და დიდი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნა - ესაა არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ასოციაციის" წარმომადგენლებთან მიმართვიანობის ძირითადი მიზეზები.
პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და წარუმატებლად გაუკეთეს ოპერაცია, ცოტა არაა, მაგრამ ზუსტი ციფრის დასახელება ასოციაციის თავმჯდომარე ნანა სანაიას არ შეუძლია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბევრ მოქალაქეს ურჩევნია, თავის შემთხვევაზე არ ისაუბროს, რადგან არ სჯერა, რომ მედიკოსები ამის გამო დაისჯებიან.
„პაციენტები იმიტომ ვართ ცუდ დღეში, რომ არ ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ", - განუცხადა სანაიამ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ როდესაც შეიცვლება ვითარება, შეიცვლება ასევე დამოკიდებულება მედპერსონალსა და პაციენტს შორის.
„მოგვმართავენ ძალიან ბევრი მიმართულებით. თუმცა, ყველაზე ხშირი მომართვიანობა არასწორად ჩატარებულ ოპერაციას ეხება. არის არასწორად დასმული დიაგნოზის შემთხვევებიც", - განაცხადა ნანა სანაიამ.
ასოციაცია სამედიცინო რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვს.
„დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ექიმს აგზავნიან გადამზადებისთვის და ასევე დისკვალიფიკაციას აძლევენ ორი თვით. უბრალოდ, თუ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მოხდა გაფრთხილება, მაშინ უჩერებენ კვალიფიკაციას. ექიმის დასჯის მეთოდი არის გადამზადება", - განაცხადა სანაიამ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ, როდესაც პაციენტი ექიმის შეცდომის გამო კვდება, მედიკოსი შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
საქართველოში ნებისმიერ პაციენტს აქვს უფლება, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს სამედიცინო დაწესებულება, ექიმი, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექიმმა პაციენტს ინფორმაცია გასაგებ ენაზე უნდა მიაწოდოს, ანუ ყველა სამედიცინო ტერმინი განუმარტოს, აღნიშნა სანაიამ.
საქართველოში ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება>>
სანაია აცხადებს, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი ექიმის პროფესიას ირჩევს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია, ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციის უნარი.
საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან ვალდებულებების არაკეთილსინდისიერი შესრულებისა და პროფესიული გულგრილობის გამო დაისაჯა 116 ექიმი. აქედან ორს ჩამოერთვა სახელმწიფო სერტიფიკატი, ხოლო 11 მედიკოსი სამუშაოს დროებით ჩამოაშორეს.