გასულ კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა, რომლის დროსაც სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის ერთი დეპუტატი უნდა აერჩია, ოპოზიციისთვის განხეთქილების ვაშლის ფუნქცია შეასრულა.
როგორც ხმების დათვლის შედეგებმა აჩვენა, გამარჯვება დიდი უპირატესობით მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
მეორე ტური საქართველოს პარლამენტში დეპუტატის ადგილის დასაკავებლად მხოლოდ თბილისის მთაწმინდის რაიონში ჩატარდება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტიის კანდიდატი, ცნობილი ექიმი ვლადიმერ კახაძე და ორი პარტიის – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე.
არჩევნების შედეგები საქართველოში: გაგრძელება იქნება >>
სულ საკანონმდებლო ორგანოში ადგილისთვის 20 პრეტენდენტი იბრძოდა. კანონის თანახმად, მეორე ტურში გადის ის ორი კანდიდატი, ვინც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოაგროვა, შავგულიძემ – 36,8%. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კი საჭირო იყო ხმათა 50%-ზე მეტის მიღება.
იმის მიუხედავად, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კენჭისყრის პროცესი მთლიანობაში დადებითად შეაფასეს, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არჩევნებს მაინც ფალსიფიცირებული უწოდა და საპროტესტო აქციები დააანონსა.
ზუგდიდი – „ცხელი წერტილი“
დიდი ვნებათა ღელვა იყო არჩევნების დღეს ზუგდიდში. სწორედ იქ იყრიდა კენჭს მერის პოსტზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების წარმომადგენელი, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გეგა შენგელიამ ხმათა დაახლოებით 54,2% მიიღო, სანდრა რულოვსმა – 42,8%.
ჯერ კიდევ ცესკოს მიერ ხმების დათვლის დასრულებამდე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ „ხმალამოღებული“ განაგრძობდა ბრძოლას გამარჯვებისთვის. მის ამ შემართებას მაშინვე გამოეხმაურა და მხარი აუბა მეუღლემ – მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 2013 წლის შემდეგ არ ჩამოსულა საქართველოში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.
მოგვიანებით რულოვსმა აღნიშნა, რომ საპროტესტო ტალღა ზუგდიდში უნდა დაიწყოს, მთელ ქვეყანაში გავრცელდეს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდეს.
რულოვსის განცხადებები და გეგმები მოულოდნელი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის, რომელმაც განაცხადა, რომ აქციები გუნდთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ემოციური განცხადებების გაკეთება, რომლის პოლიტიკური შედეგიც გაუაზრებელია, არ შეიძლება“, – განაცხადა მელიამ Rustvi2-ის ეთერში.
მოგვიანებით ჟურნალისტებმა რულოვსს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა მელიას განცხადებაზე.
კალაძე, ეკლესია და „ოცნება“ - საქართველოს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები და ინსტიტუტები >>
„არ მინახავს (კომენტარი - რედ.), უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ყველა ინტერვიუს მოსმენა. მხოლოდ გავიგე... ყველას აქვს საკუთარი არჩევანი, ყველა გააკეთებს საკუთარ არჩევანს. მე მინდა ქვეყანა ხალხთან ერთად დავიბრუნოთ“, – განაცხადა რულოვსმა.
მელიას არჩევანი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ რულოვსის გეგმებს უკვე დაუჭირა მხარი ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ შორის ახალმა პარტიამ „კანონი და სამართალი“. პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება და საპროტესტო აქციების დაწყება.
„მნიშვნელოვანია, 2016 წლის (ბოლო საპარლამენტო არჩევნების - რედ.) შემდეგ როგორ გაიზარდა ამომრჩევლის ხმა... გვავიწყდება, რომ ამ ტოტალური ზეწოლის პირობებში სანდრა რულოვსმა გუშინ 43% დადო...“, – განაცხადა ჩარკვიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ყველა საკუთარი მეთოდით იბრძვის
საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარლამენტში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა. პარტია 2017 წლის დასაწყისში მიხელ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა დააფუძნეს. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მეთოდების თაობაზე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან უთანხმოების გამო გაემიჯნენ.
ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ >>
„ახლა მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა და თავად მიხედონ, თავად გაარკვიონ... ჩვენი თვითმიზანი არ არის არც რევოლუცია და არც სხვა სახის აქციები“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, ახლა მათთვის მთავარია შავგულიძის გამარჯვება მთაწმინდის რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.
„ყველა მიტინგსა და აქციას თავისი დრო აქვს. ჩვენთვის პრიორიტეტული დედაქალაქის ცენტრში არჩევნების მეორე ტურია... შალვა შავგულიძის გამარჯვება ამ ბრძოლაში საეტაპო უნდა იყოს. ჩვენ ჩვენი გზა და ბრძოლა გვაქვს, რომელიც მთაწმინდაზე მეორე ტურზე გადის. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ოპოზიციური ელექტორატის მთავარი კონცენტრაცია მთაწმინდაზე უნდა იყოს, რათა სახელისუფლებო კანდიდატი დავამარცხოთ“, – განაცხადა კახიძემ.
პარალელურად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ გამორიცხავენ პარტნიორთა წრის გაფართოებას. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობას მისაღები უწოდა. ალასანია იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც 2012 წელს „ნაცმოძრაობას“ დაუპირისპირდა და ხელისუფლების ცვლილებას მიაღწია, თუმცა მოგვიანებით ალასანიას და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყო.
„არ მინდა, რამეს წინ გავუსწრო. იმიტომ რომ არანაირი ფაქტი ჯერ არ შემდგარა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ მქონია. მას საერთოდ პოლიტიკური განცხადება არც გაუკეთებია. მან შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“.
არ არის გამორიცხული „ევროპული საქართველოსა“ და საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის დავით უსუფაშვილის მიერ დაარსებული „შენების მოძრაობის“ მომავალი პარტნიორობაც. უსუფაშვილი, ისევე, როგორც ალასანია, თავის დროზე ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, მაგრამ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე ღიად დაუჭირა მხარი შავგულიძეს.
„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ვინ დაუჭირა მხარი შალვა შავგულიძის კანდიდატურას. ეს რამე ტაქტიკური მოლაპარაკებების შედეგი კი არ იყო, ამ ხალხს საკუთარი რწმენა ჰქონდა და მე მადლობელი ვარ მათი, მაგრამ ეს გულისხმობს, რომ რაღაც პოზიციებზე დაახლოება მოხდა და ეს უნდა გაგრძელდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა ბოკერიამ.
ექსპერტთა მოსაზრება
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ მმართველ პარტიაშიც და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არსებობენ სხვადასხვა იდეოლოგიისა და შეხედულებების მქონე ჯგუფები. მშვიდობიან პირობებში ისინი თანაარსებობენ, მაგრამ როგორც კი კრიტიკული ვითარება იქმნება, ლაგაზიძის თქმით, დაპირისპირება მაშინვე ზედაპირზე ამოდის.
მედია: საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელია ცვლილებები >>
„რევოლუციურ სცენარს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ გააჩნია. ხალხი ერთსა და იმავე წრეზე არ დადის. მით უმეტეს, არ გაჰყვება „ნაციონალების“ მოწოდებას. 19 მაისის არჩევნები ჩემთვისაც უზარმაზარი აღმოჩენა იყო, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა. თუ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამე რადიკალურად არ შეიცვლება, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, გახდება პირველი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში, რომელიც მესამე ვადით გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლაგაზიძემ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ანალიტიკოსის აზრით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ისევე, როგორც საზოგადოებაში, სააკაშვილის მიმართ გაორებული დამოკიდებულებაა. პარტიაში ექს-პრეზიდენტი არის მთავარი ღერძი და ამასთანავე მთავარი ბარიერი, რომელიც არ უშვებს სახალხო პროტესტს ივანიშვილამდე.
„საზოგადოების პროტესტი წყდება იქ, სადაც სააკაშვილის ფიგურა ჩნდება. სააკაშვილი ივანიშვილისთვის დამცავ ფარად იქცა“, – ფიქრობს ანალიტიკოსი.
პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის აზრით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი რესურსი არ გააჩნია ქვეყანაში დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად.
„რესურსი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისმა ყველა თანამოაზრემ სხვებზე უკეთესად იცის, რომ არაფერი გამოვა და ასეთი აქციების მოსაწყობად მათ არც ენთუზიაზმი ეყოფათ და არც ფული. ასე რომ, ყველაფერი ბლეფია. მელია, რასაკვირველია, განაწყენებულია, რადგან მას ზუგდიდში გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე სანდრა რულოვსს“, – აღნიშნა მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ოპოზიციის შანსი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად მიზერულია.
ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“ >>
„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა. მსგავსი მცდელობა „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნების დროსაც ჰქონდა და ყველამ დაინახა, როგორ დასრულდა ყველაფერი. ალბათ, ახლაც ასე იქნება, მით უმეტეს, რომ ამ არჩევნების ფასი ისეთი არ არის, როგორიც საპარლამენტო არჩევნებისას იყო“, – აღნიშნა კაკაჩიამ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამავე დროს, როგორც ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, ზუგდიდში შექმნილი ისტერიული ფონი ხელსაყრელი იყო როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„ეს ჩვეულებრივი ისტერიკის ატეხვაა და, სხვათა შორის, ორმხრივი... მათ აწყობთ... სულ არაფერს ურჩევნიათ, მეორე ძალად დაფიქსირდნენ, ამიტომაც არის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა შარაშენიძემ გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მელიას განცხადებების მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება.
„ნაცმოძრაობის შიგნით ბევრჯერ უჩხუბიათ და ჯერჯერობით შეინარჩუნეს თავი. არა მგონია, ნიკა მელიას გამოსვლის გამო „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს. მაგრამ “ოცნებას” რა უხარია, ესაა საკითხავი. “ოცნებას”, პირიქით, ის უნდა უხაროდეს, რომ ნაცმოძრაობა შეინარჩუნოს ოპოზიციად“, – ფიქრობს შარაშენიძე.