არჩევნების შედეგები საქართველოში: გაგრძელება იქნება

© Sputnik / Alex Shlamovარჩევნები მარნეულში
არჩევნები მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო - ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნის პარლამენტის ერთი დეპუტატი აირჩია

ზუგდიდის, ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონისა და მარნეულის რაიონებში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა; საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ზესტაფონში კი - საკრებულოების შუალედური არჩევნები.  რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, კენჭისყრა თბილისის ცენტრალურ ვაკის რაიონში გაიმართა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უბნების უმეტეს ნაწილში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმარჯვებენ. მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტიის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ორი პარტიის - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - კანდიდატი შალვა შავგულიძე.

საპრეზიდენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის სიტყვებით, სამწუხაროდ, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში ჩარევის მცდელობები იყო.

„თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანონის საფუძველზე, პროცედურების დაცვით, შეძლო დროულად დაესრულებინა კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესი და აესახა ხალხის ნება“, - განაცხადა მიქელაძემ.

ამასობაში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, აღნიშნეს, რომ დარღვევები, ძირითადად, იყო ტექნიკური ხასიათის, რაც არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

„დაკვირვების შედეგად მისიამ დადებითად შეაფასა არჩევნების დღე. სერიოზული ცდომილებები ან დარღვევები არ დაფიქსირებულა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარემო საკმაოდ კონკურენტული იყო“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა ქეთევან ჩაჩავამ.

ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ემზადებიან საპროტესტო აქციებისთვის. როგორც წინასწარ ვარაუდობდნენ, ყველაზე „ცხელი წერტილი“ ზუგდიდის რაიონი აღმოჩნდა, სადაც მერის პოსტზე კენჭს იყრიდა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი. მისი მთავარი კონკურენტი იყო გეგა შენგელია მმართველი პარტიიდან, რომელმაც ხმათა 54,18% მოაგროვა, მაშინ როცა რულოვსს მხარი ამომრჩეველთა 42,84%-მა დაუჭირა.

ვიდრე ცესკო ხმების დათვლას დაამთავრებდა, რულოვსმა განაცხადა, რომ არ შეეგუებოდა მარცხს და ბრძოლას განაგრძობდა.

„თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ ხმალამოღებულმა გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდის სახელით. და თუ ისინი იტყვიან, რომ ეს კრიმინალური, ბანდიტური, სპეცოპერაციის გზით ჩატარებული არჩევნები გეგა შენგელიამ მოიგო, მაშინ ჩვენი ბრძოლა გაფართოვდება“, - განაცხადა რულოვსმა ზუგდიდში.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა: მიღებულ ხმათა რაოდენობა

ორშაბათს სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ საპროტესტო ტალღა დაიწყება ზუგდიდში, გავრცელდება მთელ ქვეყანაში და დასრულდება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

 „ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას ეროვნულ დონეზე. არ დარჩება არცერთი ქუჩა, არცერთი სოფელი და არცერთი ქალაქი, სადაც არ მივალთ და არ ვეტყვით ხალხს, რომ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი საპროტესტო ტალღით. როდესაც ის აღარ იქნება, მაშინ შესაძლებელი გახდება არჩევნებზე საუბარი“, - განაცხადა რულოვსმა.

პროტესტის რადიკალიზაციას მხარი დაუჭირა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

„თუ ივანიშვილმა ქვეყანაში არჩევნები გააუქმა, ხელისუფლების შესაცვლელად სხვა გზა გამოინახება. პროცესის რადიკალიზაცია აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია. მოვუწოდებ გაერთიანებული ოპოზიციის ყველა სუბიექტს მეტი რადიკალიზაციისაკენ“, - აღნიშნა ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ნების დაფიქსირების შესაძლებლობა.

„ბრძოლა - ჩვენი არჩევანია, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და, პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანის არჩევანია, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლაში“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ და დასძინა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის, ყველა თანამოქალაქესთან გაძლიერებული კომუნიკაცია გამოიყენონ.

თუმცა ყოფილ მმართველ პარტიაში მსგავსი სცენარის მოწინააღმდეგენიც გამოჩნდნენ. რულოვსის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის. მისი აზრით, პარტიამ უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელსაც გუნდი დაამტკიცებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება ჯერ გაჟღერდეს გუნდში, გახდეს გუნდის შიგნით განხილვის საგანი. და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია, ეს წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა“, - აღნიშნა მელიამ.

საქართველომ გამოცდა ჩააბარა

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო.

„სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ცდილობს როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ისე არჩევნების დღე დაუკავშიროს დესტრუქციას, სიძულვილსა და იმ რიტორიკას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ მომავალში თანდათანობით შემცირდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის რაიონში ნათელი მაგალითი იქნება იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ფული უნდა დაიხარჯოს არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის

„რაც შეეხება მთაწმინდას, იქ იქნება მეორე ტური და ეს ნორმალურია. სწორედ ასე უნდა იმუშაოს თავისუფალმა არჩევანმა, დემოკრატიის მაღალმა სტანდარტმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ეს გამოცდა ჩააბარა“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ოპონენტებს მარცხთან შეგუებას ურჩევს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

„არჩევნები ყველა ოლქში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში იყო არეულობის მცდელობა, პროვოკაციის მცდელობა... სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა“, - განაცხადა კალაძემ.

სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის აზრით, პროტესტის ნებისმიერი ფორმა მისაღებია, თუ მას ადეკვატური საფუძველი და მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ოპოზიციას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან არჩევნები არსებითი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდანვე იცოდა, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდა. მათი დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება. მათი დღის წესრიგი იყო არეულობა და დაძაბულობა ზუგდიდში, რათა, შესაბამისად, ეს დაძაბულობა და მაღალი გრადუსი მთელ საქართველოზე გადაეტანათ. ეს პროექტი არ განხორციელდა, არ განხორციელდება და, შესაბამისად, ისინი ამით უკმაყოფილო იქნებიან“, - აცხადებს ჩიქოვანი.

ექსპერტების შეფასება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსის დამარცხება არჩევნებში მოსალოდნელი იყო.

„ჩემი მოლოდინი მეტ-ნაკლებად გამართლდა. არ მიფიქრია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში გაიმარჯვებდა. მაგრამ ასეთ შედეგს, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა რეგიონში მოიგებდა, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. მთლიანობაში, პროცესი სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა, რასაც არ შეიძლება, არ მივესალმოთ. ვნახოთ, როგორი იქნება გაგრძელება“, - განუცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოს“.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
უპრეცედენტო პერსპექტივა უახლეს ისტორიაში – „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება

მთაწმინდის რაიონის არჩევნებში, ექსპერტის აზრით, შავგულიძეს გამარჯვების სერიოზული შანსი გაუჩნდა.

„როდესაც მეორე ტურის ჩატარების საკითხი დგება, პროგნოზები, როგორც წესი, პირველი ტურის შედეგების საფუძველზე კეთდება. მაგრამ აქ არატიპური ვითარებაა. იმ გაგებით, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, მაგრამ მეორე ტურში ყველა ოპოზიციური პარტია შეიძლება გაერთიანდეს და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, შავგულიძეს გამარჯვების სერიოზული შანსი გაუჩნდება იმის გათვალისწინებით, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდა“, - მიიჩნევს საყვარელიძე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% დააგროვა, შავგულიძემ - 36,83%.

კახაძის გამარჯვების პროგნოზს მეორე ტურში პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე აკეთებს.

„ნათელია, რომ ოპოზიციურ არხებს, როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ ისინი და რაც არ უნდა მოიმოქმედონ, მოსახლეობაზე გავლენისა და ხმების მოგროვების გაცილებით ნაკლები რესურსი აქვთ. რასაკვირველია, ყველგან „ოცნებამ“ გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონშიც მეორე ტურში მთავრობის წარმომადგენელი კახაძე გაიმარჯვებს“, - განუცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მეორე ტურის ჩატარების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. საარჩევნო კოდექსის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა პირველი ტურის ჩატარებიდან 25 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0