თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მსოფლიო ყოველთვიურად, სულ ცოტა, ერთ აბორიგენულ ენას მაინც კარგავს, აცხადებს იუნესკოს წარმომადგენელი ბოიან რადოიკოვი.
მისი თქმით, იუნესკოს შესაბამისი სამსახური, ასე ვთქვათ, ენების ინვენტარიზაციას აწარმოებს.
„კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ერთი ენა კვდება... ჩვენ შევქმენით იმ ენების ატლასი, რომლებსაც საფრთხე ემუქრება, რაც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ის ენები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალია, რათა მომდევნო თაობებს შემოვუნახოთ ისინი“, — განაცხადა რადოიკოვმა.
მისი განმარტებით, რთულია თქმა, სად ქრება ენები უფრო სწრაფად, თუმცა ეს ალბათ უპირველესად მაინც აფრიკასა და ლათინურ ამერიკას ეხება.
„ეს იმიტომ ხდება, რომ ხანდახან ერთ ენაზე სულ სამი-ოთხი ადამიანიღა ლაპარაკობს და მათი გარდაცვალების შემდეგ, ენის მატარებელი აღარ რჩება“, — აცხადებს იუნესკოს ექსპერტი.
რადოიკოვს მიაჩნია, რომ ეს ენების ნორმალური, ნატურალური გაქრობაა.
„ვითარების შეცვლა შეუძლებელია... 50 წლის შემდეგ შესაძლოა მსოფლიოს ენების ნახევარმა აღარც იარსებოს. იქნება მკვდარი ენები, რომლებიც მხოილოდ მეხსიერებაში შემოგვრჩება“, — ამბობს ის.
რადოიკოვის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მიმართა თხოვნით, წარუდგინოს ინფორმაცია აბორიგენული, მკვიდრი ენების შესახებ.
„ზოგი მათგანი გამოგვეპასუხა, ზოგი — არა. ჩენ კი გვსურს, მაქსიმალურად სრული ნუსხა შევადგინოთ. თუ გამოგვივიდა, პატარა საქმე არ იქნება“, — ამბობს რადოიკოვი.
ექსპერტის აზრით, მკვიდრ ენებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის და ზოგადად, აბორიგენული ენები — ეს კაცობრიობის სიმდიდრეა.