თბილისი, 30 მარტი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფომ იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ ქართული ხორბლის კულტურა წარადგინა.
ქართულ ხორბალს უძველესი ისტორია გააჩნია. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ხორბლის უძველესი მარცვალი ჩვენი წელთაღრიცხვის VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხორბლის ცნობილი 20 სახეობიდან ხუთი ქართული წარმოშობისაა. სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.
2018 წლის სექტემბერში ქართული ხორბლის ჯიშებს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2019 წლის მარტში - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
იუნესკო-ს ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურის (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში)“ წარსადგენ განცხადებას ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბატიაშვილის თქმით, უნიკალური ხორბლის კულტურის დაცვასთან ერთად საჭიროა მის განვითარებაზე ზრუნვა.
აჭარული ბორანო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა >>
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა – უნიკალური ხორბლის ჯიშები – იუნესკო-ს დაცვის ქვეშ მოხვდება. ვფიქრობ, მსოფლიო მეცნიერებისთვის ის ძალიან საინტერესო მასალაა. აუცილებლად გააქტიურდება მუშაობა, როგორც ჩვენი სამინისტროების, ასევე – სფეროს ექსპერტების მხრიდან იმისათვის, რომ, ამ უნიკალური ჯიშების დაცვასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებასაც“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
იუნესკო-ს ნუსხაში ქართული ხორბლის წარდგენის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმაც ისაუბრა. მისი თქმით, გამოჩენილი ქართველი ბოტანიკოსების ნაშრომები მეცნიერული სამყაროსთვის დიდ ღირებულებას შეიძლება წარმოადგენდეს.
„საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია და შესწავლილია ვლადიმერ მენაბდის, ნიკო კეცხოველის, პეტრე ნასყიდაშვილისა და სხვა დიდი მეცნიერების მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის შრომა, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ გაწიეს, არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხა“ მოიცავს საფრთხის ქვეშ მყოფი არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტებს. დღეისათვის ნუსხა დაახლოებით 60 ელემენტს ითვლის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკო-ს კონვენციის 24 წევრ სახელმწიფოს ამ მემკვიდრეობის გადაცემის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების მობილიზების საშუალებას აძლევს.
საქართველოს ქალთა საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა >>
ნუსხაში წარდგენის განაცხადები განიხილება იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება.
იუნესკო-ს კონვენციას, რომელიც 2003 წლიდან არსებობს, საქართველო 2007 წელს შეუერთდა. იმ დროიდან კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატულ ნუსხაში ქართული კულტურის შემდეგი ელემენტებია შესული: ქართული ჭიდაობა (2018), ქართული დამწერლობის სამი სახეობა (2016), ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი (2013), ქართული პოლიფონია (2008).