საქართველომ და ყაზახეთმა გააფორმეს რამდენიმე შეთანხმება, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ნურ-სულთანში ვიზიტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობისა და სატრანსპორტო მიმოსვლის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეთანხმება ასევე საქონელბრუნვის გამრავალფეროვნებას შეეხო.
„ტეტ-ა-ტეტ" შეხვედრა: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის მეთაურები >>
ოთხშაბათს ბახტაძემ გამართა შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, სენატის თავმჯდომარე დარიგა ნაზარბაევასთან და პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინთან. ხუთშაბათს ქართული დელეგაცია ასტანის XII საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.
„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მაინც ვხედავთ ასათვისებელ და, შესაბამისად, თანამშრომლობის გაზრდის დიდ პოტენციალს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ფორუმზე გამოსვლისას.
საქართველოს და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში.
იმის შესახებ, რომ ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პოტენციალი სათანადოდ არ გამოიყენება, განაცხადა ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც პრემიერს დელეგაციის წევრად ახლდა.
„ჩვენ ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა არ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც დღეისათვის არსებობს. უნდა დავსახოთ მიზანი – 2022 წლამდე გავაორმაგოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ საქონელბრუნვა ჩვენ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.