დეპუტატი მოლაპარაკების დეტალებზე: ღვინო - ყაზახეთში, ხორბალი - საქართველოში

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე ყაზახეთში შეხვედრებს მართავს
მამუკა ბახტაძე ყაზახეთში შეხვედრებს მართავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებების ზოგიერთი დეტალი გაამხილა

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ქართული მხარე გაზრდის ყაზახეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ღვინის მიწოდებას, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

„ტეტ-ა-ტეტ" შეხვედრა: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის მეთაურები >>

ქართული დელეგაცია, რომლის წევრიც ოქრიაშვილია, ნურ-სულტანში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

ოთხშაბათს ბახტაძემ გამართა შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტ კაიმ-ჟომარტ ტოკაევთან, სენატის თავმჯდომარე დარიგა ნაზარბაევასთან და პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინთან. მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„საუბარია ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელიც ყაზახეთის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, ეს არის ჩვენი ღვინო და სხვა პროდუქტები. იგეგმება მათი მიწოდების მოცულობის გაზრდა. გადაიდგმება სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის წევრებმა, სხვა შეთანხმებების გარდა, ხელი მოაწერეს საგზაო რუკას, რომელიც ითვალისწინებს 2019-2022 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას. მხარეები შეთანხმდნენ გააორმაგონ სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც 2018 წელს თითქმის 150 მილიონ დოლარს მიაღწია, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით.

მამუკა ბახტაძე და კასიმ-ჟომარტ-ტოკაევი - Sputnik საქართველო
რა იქნება „ახალი იმპულსი" საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობაში

„ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა არ პასუხობს იმ რეალიებს, რომელიც დღეისათვის არსებობს. უნდა დავსახოთ მიზანი - 2022 წლამდე გავაორმაგოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ საქონელბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

შეხვედრებზე იმსჯელეს საქართველოში ხორბლის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობაზეც.

„მაგალითად, საუბარი შეეხო იმას, რომ 2012 წელს საქართველო ყიდულობდა 400 ათას ტონამდე მარცვლეულს, გასულ წელს კი მხოლოდ 80 ათასი ტონა შეიძინა. განვიხილეთ, როგორ შეიძლება გაიზარდოს საქონელბრუნვა ამ სფეროში“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ადრე საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირებაზე ტარიფების შემცირებაზე და საქართველოში მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდაზე. შეთანხმება მიღწეულია აპრილის ბოლოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში.

ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი წლის წინ ყაზახეთი საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი იყო. მაშინ ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის სატრანსპორტო ხარჯებზე სუბსიდიას გამოყოფდა და საქართველო პროდუქციას მისთვის მისაღებ ფასად იძენდა. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტისთანავე საქართველოსთვის ამ პროდუქტის ყაზახეთიდან შემოტანა წამგებიანი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0