თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან და სენატის თავმჯდომარე დარიგ ნაზარბაევთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ტეტ-ა-ტეტ" შეხვედრა: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის მეთაურები>>>
ბახტაძეს მიაჩნია, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ოთხშაბათს ხელმოწერილი საგზაო რუკა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2022 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას.
როგორც ადრე ყაზახეთის პრემიერის პრეს-სამსახურმა აღნიშნა, მოკლევადიან პერიოდში იგეგმება ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ორმაგად ზრდა და 300 მლნ დოლარამდე მიყვანა. 2018 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 150 მლნ დოლარი შეადგინა.
ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ინვესტიციების სფეროში აქტიური თანამშრომლობისა და ამ მიმართულებით მიღწევებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ორი ქვეყნის პორტების თანამშრომლობის გააქტიურება.
ტოკაევმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი და ამასთანავე ნურსულთანში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში მისი მონაწილეობა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.
16 მაისს ასტანის XII საერთაშორისო ფორუმი იხსნება. ორი დღის განმავლობაში ყახაზეთის დედაქალაქში სახელმწიფოების ლიდერები და მოწინავე საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი პრობლემებისა და მათი გადაჭრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე იმსჯელებენ.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 5 ათასზე მეტი სტუმარი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. ეს შუააზიური ქვეყანა კაპიტალს აბანდებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში. ქვეყნებს შორის 2019 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ 27 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.