თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში უფრო მეტი ვალუტა შემოდის – პირველ ოთხ თვეში კერძო პირებმა საქართველოში დაახლოებით 516,7 მლნ დოლარი გადმორიცხეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
სტატისტიკოსების მონაცემებით, ელექტრონული სისტემების მეშვეობით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების მოცულობა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში>>>
საქართველოში გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – 2019 წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნიდან დაახლოებით 129 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 7,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბანკირთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს მიაჩნია, რომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების კლების მიზეზი დოლარის მიმართ რუბლის კურსის ვარდნაა.
„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხების შემცირება დოლარის მიმართ რუბლის გაუფასურებაზეა დამოკიდებული. თუ ბოლო ტენდენციებს შევხედავთ, რუბლი დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად კარგავს პოზიციებს, რაც, სხვათა შორის, ჩვენ ქვეყანაზეც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც რუსეთში მუშაობენ და საქართველოში საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს ეხმარებიან, ეს ცვლილება გარკვეული ტვირთია“, – განუცხადა ბაირახტარმა „Sputnik–საქართველოს“.
მისი სიტყვებით, აღნიშნული მიზეზი, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობაზე, რაც აისახა მონაცემებშიც.
ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.
ეკონომიკის საკითხების ექსპერტ აკაკი ცომაიას აზრით, კონკრეტული ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა დაკავშირებულია საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობაზე.
„ვფიქრობ, რომ მაინც მიგრაციასთან არის დაკავშირებული. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მიიღო, ბევრი მიდის ევროპულ ქვეყნებში და ისინი, რომლებიც დარჩენას ახერხებენ, თანხას საქართველოში რიცხავენ“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ცომაიამ.
ექსპერტის აზრით, თურქეთიდან ფულადი გზავნილების კლება ქვეყანაში 2018 წლის ზაფხულში მომხდარ სავალუტო კრიზისთან არის კავშირში.
2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოდან უცხოეთში 71 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3,8%-ით ნაკლებია 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
2019 წლის აპრილში ფულადი გადმორიცხვები 10,1%-ით გაიზარდა და 137,1 მლნ დოლარი შეადგინა.
„როდესაც ჩვენ პირდაპირ უცხოურ გადმორიცხვებზე ვსაუბრობთ, ნურავინ იფიქრებს, რომ იგი რაც მეტია, კარგია. თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს კარგად მუშობს“, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისი სიტყვებით, თუ შევხედავთ მაკროეკონომიკურ მექანიზმებსა და პარამეტრებს, უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში რამდენიმე მიმართულებით პოზიტიურად მუშაობს.
„თუმცა, პირდაპირი უცხოური გადმორიცხვების ზრდა ქვეყნის კეთილდღეობაზე არ მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანია სამუშაოდ წასული საზღვარგარეთ, რასაც პოზიტიურს ვერ ვუწოდებთ“, – აღნიშნა ექსპერტმა.
აპრილში საქართველოდან უცხოეთში 19,1 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2,8%-ით ნაკლებია გასული წლის აპრილთან შედარებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები, ექსპორტთან და ინვესტიციებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი დრაივერები არიან.