საქართველოს ეკონომიკური დესპანები მუშაობას შვიდ ქვეყანაში დაიწყებენ

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო უწყებამ  დესპანების შესარჩევი კონკურსი უკვე  გამოაცხადა და შვიდი ადგილისთვის ამ დროისთვის 50 ადამიანი იბრძვის.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს საელჩოებში 2020 წლიდან ეკონომიკური დესპანები იმუშავებენ, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ეკონომიკური მიმართულების დესპანების მივლინების შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა მიაწოდა.

მისი განცხადებით, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნესშესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩოებში კომერციულ ატაშეს დესპანი შეცვლის

სამინისტროს მიერ განსაზღვრულია იმ ქვეყნების სია, სადაც ეკონომიკური მიმართულების დესპანები პირველი ეტაპისთვის მუშაობას შეუდგებიან. ესენია: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი და იაპონია.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით ცვლილებათა საკანომდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, საგარეო უწყებამ  დესპანების შესარჩევი კონკურსი უკვე  გამოაცხადა და შვიდი ადგილისთვის ამ დროისთვის 50 ადამიანი იბრძვის.

შერჩეულ კანდიდატებს გაესაუბრებიან საგარეო უწყებაში შექმნილი კომისიის წევრები, რომლის  შემადგენლობაში ბიზნესსექტორის წარმომადგენელიც შევლენ.

კანდიდატების შერჩევის პროცესი შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ყველა საელჩოში გამოყოფილია თითო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ მიმართულებაზე, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა და მუშაობენ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. საპილოტე პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ მომავალში კომერციულ ატაშეებს ეკონომიკური დესპანები ჩაანაცვლებენ.

კომერციული ატაშეების მისიაა ექსპორტის წახალისება, ქართველი ექსპორტიორების უფლებების დაცვა, ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა.

ყველა ახალი ამბავი
0