როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად

© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე
ხათუნა კავთელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეს ხათუნა კავთელაძეს გაგაცნობთ.

საქართველოში ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა, მაგრამ ცხოვრებამ სულ სხვა გზით წაიყვანა. ჰოლანდიაში ჩასულმა გადაწყვიტა საბავშვო ბაღში მუშაობა დაეწყო, რისთვისაც ჰოლანდიური დიპლომი იყო საჭირო. ამიტომ 2008 წელს მან ამსტერდამის ერთ-ერთ უმაღლესში პედაგოგიურზე ჩააბარა. დიპლომის აღებისთანავე იმ საბავშვო ბაღში, სადაც დღემდე მუშაობს, ის პედაგოგის შტატზე მუდმივი კონტრაქტით აიყვანეს, რაც ჰოლანდიელების მხრიდან არც ისე ჩვეულებრივი და პოპულარული ნაბიჯია.

ქართულ ფესვებს რომ არ მომწყდარიყო, მან ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრშიც დაიწყო მუშაობა. ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლაში ემიგრანტების ბავშვებს ქართული ენის გაკვეთილებს უტარებს. იქ არსებულ ჯვართამაღლების ქართულ ტაძარში გუნდთან ერთად გალობს...

არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს საელჩომ ხათუნა კავთელაძე უცხოეთში გაწეული პედაგოგიური და ქართული საქმიანობისთვის დააჯილდოვა. მას ამსტერდამში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად - Sputnik საქართველო
ხათუნა კავთელაძე

- ქალბატონო ხათუნა, ჰოლანდიაში ცხოვრების მანძილზე რომელ ქართულ თვისებას ვერ შეელიეთ და რა ისწავლეთ ჰოლანდიელებისგან?

- ჰოლანდიაში ცხოვრების მანძილზე ქართულ სტუმართმოყვარეობას ვერ შეველიე. აქაც ისევ ძალიან მიყვარს სტუმარი. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიაში არ არის მიღებული გაუფრთხილებლად სტუმრად მისვლა, ჩემთან ჰოლანდიელები უკვე გაუფრთხილებლად მოდიან. საქართველოდან ახალჩამოსულს სხვისთვის უარის თქმა ძალიან მიჭირდა. სულ მეგონა, რომ ამით გულს ვატკენდი, ამიტომ ვინმე დახმარებას თუ მთხოვდა, ბევრჯერ საკუთარი საქმე განზე გამიწევია და მას დავხმარებივარ. როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემმა მენეჯერმა ეს თვისება შემამჩნია, დამიბარა და მითხრა, ხათუნა, გატყობ, რომ შენ უარის თქმა გიჭირს, როდესაც რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია, თავისუფლად უნდა თქვა უარი, სირცხვილი არ არისო. ამის მერე ჩემ თავზე ბევრი ვიმუშავე და ნელ-ნელა ვისწავლე. ამიტომ ახლა როცა რაიმე არ შემიძლია, უარს უკვე ადვილად ვამბობ.

© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeამსტერდამში ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად - Sputnik საქართველო
ამსტერდამში ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ

- თქვენმა კოლეგებმა რა იციან საქართველოზე?

- ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. შარშან საქართველოში ჩატარდა ჰოლანდიური თამაში სახელად „ვინ არის თხუნელა“. ამ გადაცემას ბევრი ჰოლანდიელი უყურებს. როცა მეორე დღეს სამსახურში მივედი, ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, ეს რა ლამაზი ქვეყნიდან ყოფილხარო. მას შემდეგ ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სამოგზაუროდ.

- რადგან ამ სფეროში ხართ, ალბათ დააკვირდებოდით, ბავშვის აღზრდაში რას ანიჭებენ ჰოლანდიელები უპირატესობას, ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ?

- ჰოლანდიელი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს „კი” და „არას” მნიშვნელობა. თუ ჰოლანდიელი ბავშვს ეტყვის არას, ბავშვმა რაც უნდა იტიროს, ის აღარ გადათქვამს. ქართველების უმრავლესობას კი ეს არ შეგვიძლია, როცა ბავშვს უარს ვეუბნებით და ის პროტესტის ნიშნად ტირილს იწყებს, გვეცოდება და სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ უარი გვაქვს ნათქვამი, მაინც ვუსრულებთ, რაც არასწორად მიმაჩნია. კიდევ გამაკვირვა იმან, რომ აქ ბავშვი 12 ან 13 წლის ასაკიდან უკვე მუშაობას იწყებს, რათა თავისი ფული გამოიმუშაოს. მიკვირდა და ვფიქრობდი, რომ მშობლებს საკმარისი შემოსავალი აქვთ და ასე პატარას როგორ ამუშავებენ–მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით ჰოლანდიელი ბავშვს დამოუკიდებლობასა და შრომას აჩვევს.

© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeქართველ ემიგრანტებთან და მეუფესთან ერთად
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად - Sputnik საქართველო
ქართველ ემიგრანტებთან და მეუფესთან ერთად

- ალბათ ბავშვობიდან შეჩვეულმა ამ და კიდევ ბევრმა სხვა წესმა ჩამოაყალიბა დროთა განმავლობაში ის, რასაც ჰქვია თავისუფლება ჰოლანდიურად, რაც მხოლოდ ამ ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი...

- მე თუ ვგრძნობ თავისუფლების ჰოლანდიურ ხარისხს? – ეს ცოტა რთული შეკითხვაა, რადგან მიმაჩნია, რომ თავისუფალი მაშინ ხარ, როცა იმას აკეთებ, რაც მართლა გინდა. ჩემი აზრით, მთლად თავისუფალი ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნები. მართალია, ჰოლანდია ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა და აქ ადამიანი სოციალურად ყოველმხრივ დაცულია, მაგრამ მათაც აქვთ ისეთი წესები და კანონები, რაც, მაგალითად, პირადად ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რადგან აქ ვცხოვრობ, ყველა ჰოლანდიურ კანონს თუ ტრადიციას პატივს ვცემ, ეს ასეც უნდა იყოს...

© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeქართველების შეხვედა ჰოლანდიაში
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად - Sputnik საქართველო
ქართველების შეხვედა ჰოლანდიაში

- ამსტერდამის ქართველები თუ იკრიბებით?

- სამშობლოს მონატრებას აქ შეძენილ ქართველ მეგობრებთან ყოფნით ვიქარწყლებ ხოლმე. ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ოჯახებითაც გვაქვს მიმოსვლა. უკვე რამდენიმე მათგანს დავუნათესავდი კიდეც – მათი შვილები მოვნათლე. აქ მართლმადიდებლური ჯვართამაღლების ეკლესიაა, სადაც წირვებს გვიტარებს მეუფე დოსიტეოსი, რომელიც ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსია. ის ყოველთვის ჩამოდის ბელგიიდან, წირვის ჩასატარებლად ასევე ჩამოდის ხოლმე მამა გიორგი. მე ტაძარში მგალობელ გუნდთან ერთად ვგალობ. წირვის შემდეგ გვაქვს ტრაპეზი, სადაც ქართველი ემიგრანტები ვიკრიბებით. ასეთი შეხვედრები ჩვენი სულიერი საზრდოა...

© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე კოუკენჰოფის ბაღში
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად - Sputnik საქართველო
ხათუნა კავთელაძე კოუკენჰოფის ბაღში

- მოულოდნელი შეხვედრებიდან რომელს გაიხსენებდით?

- აქ რომ ჩამოვედი, ერთი სახალისო ამბავი გადამხდა, რაზეც დღემდე მეცინება: ახალი ჩამოსული ვარ საქართველოდან და ჩემთან სტუმრად ძმა და რძალი ჩამოვიდნენ. ჩავედით ამსტერდამში სასეირნოდ და ჩემი რძალი მეუბნება, ხათო, ვიღაც გეძახისო. მე ვუთხარი, ალბათ მოგეჩვენა, თორემ ამ შუა ამსტერდამში ვინ დამიძახებს, ჯერ არავის ვიცნობ–მეთქი. ამ დროს მეც მომესმა ჩემი სახელი. როცა უკან მივიხედე, დავინახე ერთი ფერადკანიანი ბიჭი ჩემკენ მორბოდა. როცა მომიახლოვდა, მეუბნება, რამდენი ვირბინე, ძლივს დაგეწიეო. ჩემი კურსელი აღმოჩნდა – როცა ამსტერდამის უნივერსიტეტში ჰოლანდიური ენის შემსწავლელ კურსებზე დავდიოდი, იქ გავიცანი. ეს ბიჭი საქართველოს კარგად იცნობდა, რადგან ერთი წელი ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობდა. ცოტ-ცოტა ქართულსაც ლაპარაკობდა და ქართული სიმღერებიც იცოდა. მე ჩემი რძალი გავაცანი და უცებ შუა საუბარში, რომ არ ველოდით, ის ქართულად ამღერდა. ჩემი რძალი გაოცებული უსმენდა ფერადკანიან ბიჭს, რომელიც შუა ამსტერდამში ქართულად მღეროდა: „რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს, არ ვიცი ვის დავაბრალო”. ძალიან ვიხალისეთ...

© courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად - Sputnik საქართველო
ხათუნა კავთელაძე

- როგორია თქვენი ქართული მონატრება?

- ძალიან მენატრება ქართული გაზაფხულის სურნელი. საქართველოში გამორჩეულად და უზომოდ მიყვარდა ტიტები. ჰოლანდიაში მსოფლიოში ცნობილი ტიტების პარკი კოუკენჰოფია, რომელიც წელიწადში ერთხელ მხოლოდ ორი თვითაა ღია. იქ ყოველ წელს დავდივარ და მისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თანაც იქაური სურნელი ჩემი ქვეყნის სურნელს მაგონებს და ვმშვიდდები ხოლმე. მენატრება საყვარელი ადამიანები, ყველაზე მეტად კი ჩემი ორი ძმისშვილი, ლელუკა და რეზიკო, რომლებსაც ჩემი შვილებისგან არ გამოვარჩევ. საქართველო მაშინაც მენატრება, როცა იქიდან ახალი ჩამოსული ვარ, ეს განცდა ალბათ ყველასთვის ნაცნობია, ვისაც მის გარეშე რაღაც დროით თუნდაც ერთხელ უცხოვრია...

 

ყველა ახალი ამბავი
0