თბილისი, 15 მაისი - Sputnik. რა საფრთხეს შეიცავს გლობალური დათბობა საქართველოსთვის, რატომ არ მოვიდა წელს თოვლი თბილისში და როგორი ზაფხული გველოდება - ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ ისაუბრა.
ოთხშაბათს Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების მოედნებზე თბილისში, ბაქოსა და ნურ-სულთანში გაიმართა ვიდეოხიდი - „როგორი იქნება კლიმატი დიდ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“. ვიდეოხიდში მონაწილეობა ჩხობაძის გარდა მიიღეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობებში, პროფესორმა ჩინგიზ ისმაილოვმა, საერთაშორისო სამეცნიერო კომპლექს „ასტანას“ მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ყაზახეთში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტმა ასელ ნამაზბაევამ.
დიდი კავკასიისა და ცენტრალური აზიის კლიმატი მეტად მგრძნობიარეა გლობალური კლიმატური ძვრების მიმართ, ვინაიდან მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული ზონების - ზომიერად ნოტიო ევროპული და მშრალი აზიური რეგიონების - საზღვარზე. მიჩნეულია, რომ საშუალო წლიური ტემპერატურის მატება ნეგატიურად აისახება ყინულის დნობის პროცესზე (კერძოდ, საუბარია კასპიისა და არალის ზღვებსა და ბალხაშის ტბაში წყლის დონეზე).
„ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს სოფლის მეურნეობაშიც, ვინაიდან აგრონომიული პერიოდი, რომელსაც ჩვენი პაპები და მამები მიეჩვივნენ, საბოლოო ჯამში, მკვეთრად შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ეს თვალნათლივ ჩანს. არ არის საკმარისი წყალი. აღმოსავლეთ საქართველოში თავისთავად მწირი წყლის რესურსებია. ჩვენთან მკვეთრად მცირდება და იცვლება ალაზნისა და მტკვრის აუზები. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო იმის ყურება, რომ დედოფლისწყაროში - ეს აზერბაიჯანის მომიჯნავე რეგიონია - ოდესღაც მიედინებოდა პატარა მდინარე (იგი სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს), რომელიც აი უკვე 20 წელია, რაც აღარ არის“, - განაცხადა ჩხობაძემ.
ნინო ჩხობაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ მოვიდა წელს თოვლი თბილისში. მისი სიტყვებით, ეს მოხდა ორი მიზეზით: პირველი - კლიმატის ცვლილებაა, მეორე კი - ახალი გარემო, რომელიც დედაქალაქშია შექმნილი. მაღალმა შენობებმა, სხვადასხვა არქიტექტურულმა ნაგებობამ ქალაქის შიგნით შექმნა სითბური ტალღები. თბილისში შეიცვალა სითბური დონე. სწორედ ამიტომ იყო თოვლი თბილისის გარშემო, ქალაქის შიგნით კი - არა.
„ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ტემპერატურა თბილისის მიკროზონაში და ქვეყნის შემოგარენში მკვეთრად განსხვავებულია. მაგრამ ნალექი მაინც ცოტა იყო“, - განაცხადა ჩხობაძემ.
2015 წლის ივნისის საშინელი წყალდიდობა, რომელმაც თბილისში 23 ადამიანი იმსხვერპლა, არის კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი გამოვლინება, აღნიშნა ჩხობაძემ. მეტიც, ბიოლოგიური სახეობების ცვლილება, გაუდაბნოების პროცესი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, მიწისქვეშა წყლების დონის ვარდნა, მელიორაციისთვის სულ უფრო მეტი წყლის გამოყენების აუცილებლობა - ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„შარშან საქართველოში ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია. საქართველოსთვის ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ველით, რომ წელსაც მაღალი ტემპერატურა იქნება - და არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში“, - ხაზი გაუსვა ჩხობაძემ.
ჩხობაძემ მიუთითა ასევე მომატებულ ტენიანობაზე არა მხოლოდ დასავლეთ, არამედ აღმოსავლეთ საქართველოშიც.
„ყოველთვის მივმართავ ჩვეულებრივ დიასახლისებს, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. დააკვირდით, როგორ შრება ჩვენი ტანსაცმელი. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აქ ყოველთვის მშრალი კლიმატი იყო, უფრო კონტინენტური. გამოდის, რომ თუ 20-30 წლის წინ ტანსაცმლის მზეზე გასაშრობად ერთი დღე გვყოფნიდა, დღეს ორი-სამი დღე გვჭირდება. რეალურად მომატებულია არა იმდენად ტემპერატურა, რამდენადაც ტენიანობა. პრინციპში, ეს არის კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორი“, - განაცხადა ჩხობაძემ.
საქართველო სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის 70 მილიონ დოლარს დახარჯავს >>
კავკასიის რეგიონში საქართველოს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ტყეების ყველაზე დიდი ფართობი სწორედ აქ არის. ჩხობაძის თქმით, საქართველოში სითბური აირების ყველაზე სერიოზული მშთანთქმელებია, ტყეები კი წყლის მარეგულირებელ და წარმომქმნელ ფუნქციას ასრულებენ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საჭიროა კლიმატური ცვლილებების პროცესებთან ადაპტირება, სუბრეგიონული ადაპტაციური გეგმების შემუშავება, რომლებიც დაგვეხმარება ოპტიმალურად გამოვიყენოთ წყლის რესურსები. მით უმეტეს, რომ რეგიონს კავკასიაში აქვს ერთი ტრანსსასაზღვრო მდინარე - მტკვარი.
„ვფიქრობ, ჩვენი მომავალი არის არა უბრალოდ სახელმწიფოთაშორისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომლებიც თაროზე შემოიდება, არამედ რეალური ადაპტაციური ზომების მოფიქრება და კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება. თუ გვინდა კლიმატური ცვლილებების შერბილება, რომლებიც რეალურად მიმდინარეობს დედამიწაზე, წყალმომარაგების ახალი ტექნოლოგიების შემოღება, ერთობლივი ქმედებების გაძლიერება უფრო ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა ჩხობაძემ.
რა შეიცვლებოდა სამყაროში, ყველა კონტინენტი რომ გაერთიანდეს? - შემეცნებითი ვიდეო >>
ბაქოელი პროფესორის, ჩინგიზ ისმაილოვის სიტყვებით, გლობალური კლიმატური ცვლილებები უნდა განიხილებოდეს გლობალური მასშტაბით. მისი აზრით, ადამიანს მთელ პლანეტაზე არაფრის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ რეგიონული მასშტაბით შეუძლია არსებითად დაარღვიოს გარემოს ბუნებრივი მდგომარეობა. შედეგად, ეს რეგიონული დარღვევები შეიძლება გლობალურ პროცესებში გადაიზარდოს.
„გასათვალისწინებელია, რომ კლიმატური ცვლილებების ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე 68 და მინუს 80 გრადუსი იყო. ამიტომ ჩვენი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა გეოლოგიურ პერიოდებთან შედარებით. ჩვენ არ შეგვიძლია სიცოცხლის განმავლობაში თვალი ვადევნოთ ასეთი გეოლოგიური მასშტაბის ევოლუციას. ჩვენი სიცოცხლე - ერთი წუთია გეოლოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნა ისმაილოვმა.
პროფესორის თქმით, უკვე აღარ არსებობს შუა, გარდამავალი სეზონი, არის მხოლოდ ზამთარი და ზაფხული. გაზაფხული და შემოდგომა სამ-სამი თვის ნაცვლად მაქსიმუმ ერთ თვეს გრძელდება. შუასეზონური პერიოდის ასეთ შეკუმშვას ისმაილოვმა პარადოქსი უწოდა და ის გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს დაუკავშირა.
„ყველა რეგიონში ის სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს. ზოგან ჩვენ თვალს ვადევნებთ გვალვის გაძლიერებას, ზოგან პირიქით - უხვ ნალექს. ადამიანი ამ ყველაფერში თავის როლს ასრულებს. ეს მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა. მიზეზი - კოსმოგენური პროცესები, მზის აქტივობის შეცვლა, დედამიწის ბირთვის აქტივობა და მიწისძვრებისა და ვულკანების სახით მისი გამოვლენა, ასევე ადამიანის საქმიანობა“, - ხაზი გაუსვა ისმაილოვმა.
ვიდეოხიდის დასასრულს სამი ქვეყნის ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა შეუსაბამოს საქმიანობა მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებს, გაუფრთხილდეს წყლის რესურსებს, გადახედოს სარწყავ მეთოდებს და აგრონომიული საქმიანობა კლიმატურ ცვლილებებს შეუსაბამოს.
15 მაისს მთელ მსოფლიოში კლიმატის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არაოფიციალური ეკოლოგიური დღესასწაული დაწესდა მეტეოროლოგების მოწოდების საპასუხოდ, დაეცვათ კლიმატი, როგორც მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ჩვენი და მომავალი თაობების კეთილდღეობაზე აისახება.