თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შვიდწლიანი პროგრამის ამოქმედებას იწყებს, რომლის საერთო ღირებულება 70 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისგან.
პროგრამის პრეზენტაციას თბილისში დაესწრნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი.
პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზში სტიქიური უბედურების ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება, რასაც 1,7 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
„თუ ადრე ჩვენ უკვე მომხდარ კატასტროფებზე რეაგირება გვიწევდა, ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად გაიზრდება ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობები კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის მიმართულებით", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ექსპერტების განცხადებით, თუ საქართველო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ზომებს არ მიიღებს, ზარალი უახლოეს ათწლეულებში 12 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გადაუდებელი მოქმედებების შედეგად კი ეს ზარალი თითქმის 90%-ით შემცირდება.
„ამინდის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ბუნებრივი კატასტროფები გარდაუვალი არ უნდა იყოს. ჩვენი ახალი პროგრამა საკმარის რესურსებს იძლევა პოლიტიკისა და სისტემების განვითარებისთვის, მოსახლეობის მოსამზადებლად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც ექსტრემალური ამინდი ბუნებრივ კატასტროფაში აღარ გადაიზრდება", – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
პროექტი განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ხოლო მისი უშუალო შემსრულებელი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ფართომასშტაბიანი პროგრამა დაფინანსდება 70 მილიონი დოლარით, აქედან კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) გამოყოფს 27 მილიონ დოლარს, საქართველოს მთავრობა – 38 მილიონ დოლარს და შვეიცარიის მთავრობა – 5 მილიონ დოლარს.
GCF არის კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი ფონდი, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის ფინანსური მექანიზმის ოპერატიულ ორგანოს წარმოადგენს.