თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ წლის დასაწყისიდან 13,5 კილოგრამი „ჰეროინი" და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და 60 ნარკორეალიზატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.
ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაა ასევე 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1,4 კგ კოკაინი, 400 გრ ფსიქოტროპული პრეპარატები, 1,8 ათასი აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", ასევე 2,5 ათასზე მეტი აბი „ექსტაზი".
ნარკოტიკების გასაღების დანაშაულებრივი სქემა-რუსეთის მოქალაქეს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება>>>
სამშაბათს შსს-მ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები გაასაჯაროვა.
საქართველოში ნარკოტიკების გაყიდვისა და ასევე ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
კიდევ ერთი პირი დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას თურქეთიდან „სუბუტექსის" შემოტანა ედება ბრალად.
კიდევ ერთი პირი კი დააკავეს თბილისის შემოვლით გზაზე. სამართალდამცველებმა „სუბუტექსი" მის ავტომობილში აღმოაჩინეს.
შსს-ს მონაცემებით, ნარკოტიკები საქართველოში სხვადასხვა გზით შემოდის. მძიმე ნარკოტიკი ქვეყანაში აღმოსავლეთიდან, „ფონიჭალის არხით" შემოდის. ნარკოტიკების გავრცელების მეორე არხი - ინტერნეტია, მესამე - ევროპა, საიდანაც „კლუბური ნარკოტიკი" შემოდის.