თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 წლის ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა.
„პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 აშშ დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის ორი სასწორი ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, დამნაშავის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.