თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან 5 ათას 500-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, იუწყება პირველი არხი.
მათგან ყველაზე მეტი იტალიაში, ალბანეთსა და საქართველოში გააძევეს.
2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გერმანიიდან 5 613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს.
არსებული ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების რიცხვი მცირდება. ევროკავშირის საზღვრის დაცვის უწყების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ეს რიცხვი 27%-ით არის შემცირებული.
საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.
ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას >>
საქართველოს პირველი პირები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს ამ მიღწევას პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები არ დაარღვიონ.