თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ძლიერი წვიმა თელავსა და ახმეტაში გუშინ, დაახლოებით 22:30 საათზე დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა.
ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში გადაუღებელი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
„ბაბანეურის გარდა, შესაძლოა, სხვა სოფლებსაც შეექმნას პრობლემა, რადგან მდინარე ალაზანი ძალიან ადიდებულია. სხვა სოფლებთან დაკავშირებით ინფორმაციას ველოდები", – განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა.
წვიმამ პრობლემები შეუქმნა პანკისის ხეობის მოსახლეობასაც. სოფელ დუისში, ჯოყოლოსა და ხალაწანში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობას ეხმარებიან.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, წვიმის შედეგად სოფელ ლეჩურში, ფშაველსა და რუისპირში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.