თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოს 21 მაისს ეწვევა, განაცხადა სსფ-ის წარმომადგენელმა ჯერი რაისმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში იმყოფება მორიგი, მეოთხე მიმოხილვის მომზადების ფარგლებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში დაუმტკიცა>>>
„16 მაისს ქალბატონი ლაგარდი ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმსა და მრგვალ მაგიდაში. შემდგომ იგი უზბეკეთში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. შემდეგ საქართველოში გამოემგზავრება. თბილისს იგი 21 მაისს ეწვევა", – განაცხადა რაისმა.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.
დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების პირობით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღებს.
სსფ-ის პრეზიდენტი საქართველოში ბოლოს 2005 წელს იმყოფებოდა, როდესაც ფონდის მაშინდელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან არსებული ჰოლანდიური ჯგუფის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების და სახელმწიფო ბანკების მმართველების ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში.