თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით სასამართლო განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის არიან სასტუმრო „მამიდას" მფლობელი, 1960 წელს დაბადებული როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა", ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ.ქ., მეტსახელად „სალომე" და სასტუმრო „გოლდის" მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ.დ.
გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ჩადენილი დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტში აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასტუმრო „მამიდის" ადმინისტრატორი და სასტუმრო "მზის" მფლობელი და ადმინისტრატორიც დააკავეს.