ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ მხატვარს მაკა ბერაძეს გაგაცნობთ.

მის ნამუშევრებს დღეს ამერიკაშიც ჰყავს დამფასებელი, მისი მხატვრობა მრავალფეროვანია: ხატავს აკვარელით, ზეთით, აკრილით და პასტელით, ქმნის უჩვეულო კოლაჟებს, მისი საქმიანობა ასევე მოიცავს გობელენს, ბატიკასა და თექას...

საქართველოში ახალგაზრდა მხატვრების ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ქართულ კულტურის ცენტრში, თანამედროვე გალერეაში და სხვ. სამხატვრო აკადემიაში გობელენზე შესრულებული მისი სადიპლომო ნამუშევარი „შემოდგომა“ შარდენზე არსებულ აკადემიის მუზეუმში ინახება.

1999 წელს მხატვარმა მოწვევა მიიღო ამერიკიდან, ნიუ-იორკის გალერეა Ward–Nasse-დან, სადაც რამდენიმე გამოფენა მოაწყო. 2014 წლიდან ქართული კულტურის ცენტრში „დანსინგ ქრეინ სტუდიოში“ ქართველ ბავშვებს ხატვას ასწავლის.

© photo: courtesy of Maka Beradzeნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელთან - ვიქტორ სირელსონთან ერთად
ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელთან - ვიქტორ სირელსონთან ერთად

– ქალბატონო მაკა, როდის აღმოაჩინეთ საკუთარი სამყარო ხელოვნებაში და რამ მოახდინა პირველი შთაბეჭდილება?

– ხატვა მიყვარს ბავშვობიდან, რომელიც ზესტაფონში გავატარე. მასთან ბევრი ლამაზი მოგონება გვაკავშირებს მე და ჩემ ორ დასა და ძმას, რომლებიც დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ჩვენ ურთიერთობაში ერთმანეთისგან შორს ყოფნამ ვერაფერი შეცვალა, მშობლებმა ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კარგი ბავშვობა გვქონოდა. მახსოვს, დედაჩემის ნახატმა როგორ მოახდინა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება. ჩემ მომავალზე კი დიდი როლი ითამაშა სკოლის პედაგოგმა, ბატონმა კოლია ფიჩხაძემ, რომელმაც მირჩია, რომ სწავლა სამხატვრო სკოლაში გამეგრძელებინა. დავამთავრე მოსე თოიძის სამხატვრო სკოლა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქსოვილების დიზაინის განხრით. სამხატვრო აკადემიაში ლექტორებიდან გამოვარჩევდი გობელენისა და აკვარელის უძლიერეს სპეციალისტს, ბატონ გივი ყანდარელს, რომლის აკვარელის ტექნიკა განსხვავებული იყო და ძალიან მომწონდა.

© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძე
ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა - Sputnik საქართველო
მაკა ბერაძე

– ამერიკაში როდის მოხვდით?

– ალბათ სიმბოლური იყო, რომ ამერიკიდან, გალერეა Ward-Nasse-დან მოწვევა ზუსტად 1999 წლის 11 დეკემბერს, ჩემი დაბადების დღეზე მივიღე. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ამ გალერეაში ნამუშევრები მანამდეც მქონდა გამოფენილი. 2008 წელს კი ისინი ნიუ-იორკში Artexpo-ზე გამოიფინა. ამერიკული გამოფენების ციკლი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2014 წლიდან ქართული კულტურის ცენტრში, „დანსინგ-ქრეინის სტუდიოში“ ქართველ ბავშვებს ხატვას ვასწავლი. ყოველი წელს ვაწყობთ გამოფენას, მორიგი გამოფენა რვა ივნისსაა დაგეგმილი. ბავშვები სტუმრებსა და მათ შეფასებას სიხარულით ელოდებიან.

© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძის შემოქმედება
ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა - Sputnik საქართველო
მაკა ბერაძის შემოქმედება

– თქვენ კოლაჟებში რამდენიმე თემა კვეთს ერთმანეთს...

– კოლაჟებზე მუშაობა ამერიკაში დავიწყე. ჩემი პირველი ნამუშევარი „ქალის პორტრეტია“. როდესაც ამ ნამუშევრის ფასს მეკითხებიან, მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, ის ყოველთვის ჩემთან უნდა იყოს, რადგან მას დიდი ისტორია აქვს. საქმე ისაა, რომ ეს პორტრეტი როცა ამერიკაში ჩამოვედი, იმ პერიოდშია შექმნილი. მაშინ ჩემთვის რთული დრო იყო და კონტაქტი არავისთან მსურდა. ჩემ ყოველ ნამუშევარში რეალური განცდებია ასახული, ყოველი მათგანი ინდივიდუალურია და, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებელი პროცესი. ხატვის დროს თავად ვსწავლობ რაღაც ახალს. მიყვარს ფიგურების ხატვა. ნატურა იშვიათად მყავს, როცა რომელიმე ფილმს ვუყურებ ხოლმე, კადრს ვაჩერებ და მათ მიხედვით ვაკეთებ ჩანახატებს, რომლებიც შემდეგ ტილოზე გადამაქვს.

© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძის "ქალის პორტრეტი"
ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა - Sputnik საქართველო
მაკა ბერაძის "ქალის პორტრეტი"

– რომელია თქვენი ამერიკული ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი?

– ამერიკაში შევხვდი ძალიან კარგ ადამიანს, გვყავს ერთი შვილი, ენდრიუ, ჩვენებურად ანდრეა, რომელიც ახლა 10 წლისაა. დიდი პერიოდი გაჩერებული ვიყავი და ვერაფერს ვქმნიდი, სანამ ბავშვი 6 წლის არ გახდა. ახლა ერთი დღის გაცდენაც კი მენანება. ენდრიუმ ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გახადა, ჩვენ ვმეგობრობთ, მასთან შემიძლია სერიოზულ საკითხებზეც ვილაპარაკო და რჩევებიც ვკითხო. ჩემდა გასაოცრად, ამ პატარა ბიჭისგან ბევრი კარგი დარიგება მოვისმინე... ყველამ იცის, რომ ემიგრანტის ცხოვრება არ არის მარტივი, ხელოვნება ძალიან დამეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში, ხატვა ჩემთვის თერაპია იყო. მისი საშუალებით შევძელი, რომ ადვილად გადამეტანა სირთულეები. დღეს ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ და უკვე შემიძლია ძალიან უბრალო საბაბის გამო თავი ბედნიერად ვიგრძნო...

© photo: courtesy of Maka Beradzeშვილთან ერთად
ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა - Sputnik საქართველო
შვილთან ერთად

– როგორია სამშობლო, რომელსაც უცხოეთში ყველა ქართველი გულით ატარებთ?

– ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ აქ დავრჩებოდი, მაგრამ ასე მოხდა... პირველად 14 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემ ქვეყანაში და მიუხედავად დიდი სიხარულისა, ეს დიდი ტკივილიც იყო, რადგან მამა უკვე აღარ დამხვდა ცოცხალი. ეტყობა, ეს ამბავი დაამახსოვრდა და როცა წამოიზარდა, ჩემმა შვილმა ერთხელ მკითხა, დედა, მაშინ რატომ ტიროდიო. ვუთხარი, რომ ჩემს მამიკოს ვეღარ ვნახავდი. ამის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია... მამასთან ერთად ჩემი ბავშვობის ბედნიერ წლებსაც მივტიროდი. სამშობლო დღესაც ისეთივე ძვირფასია ჩემთვის, როგორც 20 წლის წინ, მასთან დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ახლაც მტკივა მისი ყველა ტკივილი. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, თურმე, ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი და ემოციურად აღსაქმელი ყოფილა...

 

ყველა ახალი ამბავი
0